საქართველოში გენდერზე დაფუძნებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში მრგვალი მაგიდა გაიმართა

პარლამენტში თემაზე – „გენდერზე დაფუძნებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“, მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა.

გენდერული საბჭოს წევრები შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) გენერალური დირექტორს კარინ იამტინს შეხვდნენ.

მაღალი დონის შეხვედრის თემას წარმოადგენდა გენდერზე დაფუძნებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში.

კარინ იამტინის ვიზიტის ფარგლებში ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიიღო მონაწილეობა, სადაც კანონმდებლობის შემდგომ დახვეწაზე მუშაობის მზაობა გამოხატა, რათა წარმატებით გაგრძელდეს გენდერზე დაფუძნებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა.

მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიის მონაწილეებმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით გაწეულ საქმიანობაში მიღწეული პროგრესი შეაჯამეს და ხაზი გაუსვეს ამ პროცესში გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ (UNJP) ფარგლებში შვედეთის მხარდაჭერას. მხარეებმა სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად არსებული გამოწვევების დაძლევის გზები დასახეს.

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

„ვისაუბრეთ იმ მიღწევებზე, რომელიც ქვეყანას აქვს გენდერული თანასწორობის მიმართულებით, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კუთხით, მაგრამ ამავდროულად ვისაუბრეთ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, განსაკუთრებით სტამბულის კონვენციის შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით. ყველა გამოთქმული მოსაზრება, რომელიც ჩვენთვის, კანონმდებლებისთვის გასათვალისწინებელია, იყო ძალიან ღირებული. დიდი მადლობა შვედეთის მთავარობას იმ დახმარებისთვის, რომელსაც ის წლების მანძილზე საქართველოს უწევს გენდერული თანასწორობის მიმართულებით“,-განაცხადა ნინო წილოსანმა.

მიხეილ სარჯველაძე: „ძალიან სასარგებლო და აქტუალური შეხვედრა იყო. სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებს, უწყებებს ჰქონდათ შესაძლებლობა ესაუბრათ, მთავარ, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც გენდერულ თანასწორობასთან და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან არის კავშირში. გამოითქვა მოსაზრებები, გაიცვალა შეხედულებები და მთავარი – სტრატეგიული ხედვა ამ საკითხების ირგვლივ, რაც მნიშნელოვანია, რომ ყოველთვის გვახსოვდეს ნებისმიერი აქტივობის დაგეგმვისას“.

შეხვედრა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს და გაეროს ქალთა ორგანიზაცია „გენდერული თანასწორობისთვის“ გაეროს ერთობლივი პროგრამის (UNJP) ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida), ევროპის საბჭოს და გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში წევრები იღებდნენ მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშიახლა არის მომენტი მთავრობისა და საზოგადოებისთვის, რომ გაერთიანდნენ ევროკავშირის წევრობის მიზნისთვის – დეგნანი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ათონის მთა გულში დარჩა – ეფრემ ვათოპედელი