საქართველოში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ბაქოშია

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი, რომელიც გუშინ თბილისში გაუჩინარდა, ბაქოში, აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სერვისის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფება.

ინფორმაციას აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

“გუშინ, საღამოს 7 საათზე, აფგან მუხტარლი, რომელიც დევნილობაშია და თბილისში ცხოვრობს, თავის მეგობრებს დაემშვიდობა და სახლში წავიდა. სახლამდე ვერ მივიდა. დღეს ის ბაქოში იპოვეს სახელმწიფო სასაზღვრო სერვისის საგამოძიებო განყოფილებაში. მას პასპორტი სახლში აქვს. ესე იგი, აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა არა მხოლოდ მოიტაცეს ის სხვა სახელმწიფოში, არამედ არალეგალურად გადაიყვანეს აზერბაიჯანში“, – წერს ხადიჯა ისმაილოვა.

მუხტარლი საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობს. ის საქართველოში საგამოძიებო მასალაზე მუშაობდა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქონებას ეხებოდა.

ქარტიის საბჭოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. ქარტიის საბჭო მიმართავს სამართალდამცავ სტრუქტურებს და ითხოვს უსწრაფესად იქნეს გამოძიებული აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის „გაუჩინარების“ საქმე.

ახლობლების თქმით, აფგან მუხთარლი 29 მაისის შემდეგ აღარავის უნახავს. ის ბოლო ორი წელია საქართველოში ცხოვრობს, რაaდგან აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობის გამო მისი იქ დარჩენა სახიფათო იყო. როგორც მისი ცოლი, ლეილა მუსტაფაიევა და მეგობარი დაშგინ აღალარლი ამბობენ, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ. აზერბაიჯანში მყოფი ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფგან მუხთარლი დღეს ბაქოში აღმოჩნდა. ის იურისტს დაუკავშირდა. არსებობს ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი საქართველოს ტერიტორიიდან აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს.

მომხდართან დაკავშირებით დეტალური განმარტება არ გაუკეთებია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მხოლოდ აღნიშნა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლი მიხედვით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცავ სტრუქტურებს, უპასუხონ ჟურნალისტების კონკრეტულ კითხვებს და აუხსნან საზოგადოებას, როგორ აღმოჩნდა თბილისში „გაუჩინარებული“ ჟურნალისტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე? როგორ გადაკვეთა მან საზღვარი ისე, რომ მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები თბილისშია, როგორც ამას ახლობლები აცხადებენ?

ადამიანის უფლებების კუთხით რეგიონში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები და აქტივისტები საკუთარი ქვეყნებიდან იდევნებიან, საქართველო კი მათთვის თავშესაფარია, სადაც პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობა ეძლევათ. ამიტომაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში მაინც იყოს დაცული მათი უფლებები. შესაბამისად, აუცილებელია მთავრობის წევრებიც დაინტერესდნენ მომხდარით.

ამასთან, ქარტიის საბჭო მოუწოდებს ჟურნალისტებს გამოიჩინონ სოლიდარობა, აქტიურად გააშუქონ მომხდარი შემთხვევა და ხელისუფლებას მოსთხოვონ პასუხები არსებულ კითხვებზე.

banner
წინა სტატიაშითავისუფალი დემოკრატები“ და „რესუპლიკელები“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთ ბლოკში გაერთიანდნენ
შემდეგი სტატიასაქართველოს სახალხო დამცველი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარებას ეხმიანება