საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად, წინასწარ შესაბამისი ფორმის შევსებისა და დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით განხორციელდება

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ „კოვიდ19-ზე“ PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით.

„ეს არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს. შესაბამისი ელექტრონული ფორმები, რომლის შევსებაც წინასწარ მოუწევთ როგორც ევროკავშირის ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს, ასევე, ნებისმიერი საქმიანი ვიზიტის განმახორციელებელ პირებს, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.StopCoV.ge“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს გაუხსნის
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი : ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მიმართულებით რეგულარული რეისების აღსადგენად, ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს