საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა შესაძლოა, 6-დან 5 თვემდე შემცირდეს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იმუნიზაციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე არაერთი საკითხი განიხილეს, მათ შორის ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებასთან დაკავშირებული საკითხები.

მისივე თქმით, ექსპერტთა ჯგუფი დღეს დეტალურად განიხილავს ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადებთან დაკავშირებულ საკითხს და უკვე ხვალ გასცემს რეკომენდაციას, რამდენად მიზანშეწონილია, რომ საქართველოში „ბუსტერ“ დოზის გაკეთების ვადა 6-დან 5 თვემდე შემცირდეს.

„განვიხილეთ მწვანე პასპორტების ამოქმედების საკითხი, რომელიც დღეიდან უკვე არის ძალაში. ასევე განვიხილეთ ეგრეთ წოდებული „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებული ცვლილებები, საერთაშორისო გამოცდილება და თუ როგორ უნდა გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამა, მათ შორის ბუსტერ დოზების გამოყენების საკითხი, რათა „ომიკრონთან“ დაკავშირებული რისკები მინიმუმამდე შემცირდეს.

გარდა იმისა, რომ ზოგადად ინდივიდუალურ დონეზე დაცვის ღონისძიების გამოყენება მნიშვნელოვანია, ასევე ხაზგასმით იქნა აღნიშნული ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების და ბუსტერ დოზების გამოყენების მნიშვნელობა. ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფი დღეს კიდევ ერთხელ დეტალურად დაამუშავებს ბუსტერ დოზების სქემას და ხვალ უკვე გვექნება კონკრეტული რეკომენდაციები, რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლის ჯგუფი ბუსტერ დოზაზე ვადის შემცირებას ექვსიდან ხუთ თვემდე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ლივინ დეველოპმენტი“ თანამედროვე საცხოვრებელ უბანს გააშენებს
შემდეგი სტატიაობიექტები, რომელში დასაქმებულთა უმრავლესობა აცრილი იქნება “მწვანე სერთიფიკატს” მიიღებენ