საქართველოში დიქტატურის დამყარების კრემლის 5-პუნქტიანი გეგმა

2025 წლის 8 იანვარი საქართველოს ისტორიაში შეიძლება, ერთ-ერთ ყველაზე ბნელ დღედ შევიდეს – რეჟიმმა, ანუ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ რუსეთის, კერძოდ, კრემლის მიერ შედგენილი საქართველოს „ბელორუსიზაციის“ გეგმა ღია ტექსტით გაასაჯაროვა. აქედან გამომდინარე, ქართული სოციალური მედია აჭრელებული იყო ირონიული განცხადებებითა და შეფასებებით, მაგრამ რეჟიმის ეს განცხადება დაცინვის და ირონიის ობიექტი, ვფიქრობ, საერთოდ არ არის.

8 იანვრის განცხადება ოფიციალური გზავნილი და პროპაგანდის მწვერვალია, რომელიც დაწერილია არა თბილისში, არამედ, – მოსკოვში. ამ განცხადებაში ღიად იკითხება კრემლის და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს გეგმის ტაქტიკური, საკმაოდ კონკრეტული ამოცანები და საბოლოო მიზანი – საქართველოში კვაზი დიქტატურული რეჟიმის დამყარება.

საერთოდ, ნებისმიერ გეგმას აქვს საფუძველი და მიზანი, ანუ სურვილი და კონკრეტული შედეგი. შუალედში – სტრატეგიაა, ტაქტიკური ნაბიჯები და ყველაფერი ეს, ერთობლიობაში ქმნის გეგმას. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ, რუსეთის სპეცსამსახურების კარგად შეფუთულ და გათვლილ გეგმაზე, თუ როგორ უნდა გარდაქმნას საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიული რესპუბლიკა ჯერ ავტორიტარულ, შემდეგ კი – კვაზი დიქტატორულ რეჟიმად, რომელიც საკუთარ „ადგილს“ რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაზე დაიმკვიდრებს და შესაბამისად, ვლადიმერ პუტინის თანამედროვე „საბჭოთა კავშირს“ შეუერთდება.

ჩემთვის გასაკვირია, თუ რატომ დუმს ოპოზიციის ნაწილი. ფაქტის დაცინვა და ირონია – შეფასების ეს ფორმა არაა ის მოქმედება, რაც ახლა სჭირდება ქართულ პოლიტიკას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. საქართველოს ოკუპაცია ფიზიკურად და თანამედროვე ომის ყველა საშუალების გამოყენებით მიმდინარეობს. დავიჯერო, მსხვილი ოპოზიციური პარტიები პოლიტიკური შეფასებებისა და მოქმედებების განხორციელებაში უუნარონი არიან?

ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, ნათლად ჩანს რუსეთის სპეცსამსახურების გეგმის ტაქტიკა: 2008 წლის ომმა, პუტინს სასურველი შედეგი ვერ მოუტანა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფორმალურმა აღიარებამ პუტინის პირადი ეგო დააკმაყოფილა, მაგრამ საქართველო კვლავ კრემლის პირდაპირი გავლენის მიღმა დარჩა, თან საერთაშორისო წნეხი გაძლიერდა, რასაც მოჰყვა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიას. კონვენციური ომი საქართველოში რუსეთისთვის უშედეგო აღმოჩნდა. არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი საქართველოს 225 წელია, ანუ მას მერე სწავლობს, რაც 1801 წლის 9 აპრილს, ქაშუეთის ეკლესიაში აღმოსავლეთ საქართველოს ანექსია გამოაცხადა და საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა. შესწავლის პროცესი გაცილებით გამარტივდა საბჭოთა კავშირის დროს და მოგვიანებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

მაშინაც დარწმუნებული ვიყავი და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ 2012 წლის არჩევნებში რუსეთი ამა  თუ იმ მეთოდით პირდაპირ და აქტიურად იყო ჩართული. აქ არ განვიხილავ, წინა ხელისუფლების ავ-კარგიანობას, თუ როგორ „ზუსტად“ გამოიყენა რუსეთმა მაშინდელი სიტუაცია, დემოკრატიისა და თავისუფლებების შელახვის ფაქტები, ა.შ. და ა.შ.

დღეს ვიცით, ბევრმა მაშინდელმა მოქმედმა „გმირმა“ აღიარა, რომ 2012 წელს იმუშავა გარკვეულმა ყალბმა პროპაგანდამ, რომელმაც არჩევნებზე მოქალაქეთა, ამომრჩევლის დიდი რაოდენობა გამოიყვანა. ეს ამომრჩეველი სამართლიანად აღშფოთებული და გაბრაზებული იყო, შესაბამისად, წინა ხელისუფლებამ, მართალია, ირიბად, მაგრამ  ამჟამინდელი მმართველობა – „ქართულ-რუსული ოცნების“ რეჟიმი „შვა“.

აქ ვრცლად ვერ აღვწერ უსაფრთხოების სამსახურების პროპაგანდის მუშაობის ყველა ასპექტს, თუმცა ვიტყვი, რომ ეს მუშაობა ისეთივე უნივერსალური და ძველია, როგორც სამყარო. განსხვავება ისაა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები, ტრადიციული თუ სოციალური მედია სპეცსამსახურების ხელში უფრო ყოვლისმომცველი ინსტრუმენტები  გახდა – მარტივი, ნაკლები ფიზიკური რესურსის დანახარჯით, უფრო დიდ აუდიტორიაზეა (მსოფლიო საზღვრებს გარეშე)  გათვლილი. ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის, საჭიროა მხოლოდ არსებული და გამოცდილი ტაქტიკის მორგება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

ქვემოთ განვიხილავ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს 8 იანვრის განცხადებას, ახლა კი მარტივად აღვწერ, თუ როგორ მუშაობს ზემოხსენებული ტაქტიკა.

პუნქტი N1 – მმართველი ჯგუფის იდენტიფიცირება, მიბმა საერთო ფასეულობებთან. მაგალითად, იოსებ სტალინი და მისი პარტია არის სამშობლოს ტოლფასი, როდესაც საუბრობს ბელადი, ის საუბრობს „ხალხის სახელით“. ერთი ხდება ყველა და „ყველას“ უნდა გაუჩნდეს გრძნობა, რომ იმ „ერთის“ ნაწილია.

პუნქტი N2 – იქმნება მტრის ხატი, ვისგანაც ბელადმა და მისმა გუნდმა უნდა „გვიხსნას“. ასეთი რუსეთს და საბჭოეთის პერიოდში იყო და არის „კაპიტალისტური დასავლეთი“. „სიონისტურ-ებრაული დაჯგუფება“, „მცირე ერების გამრყვნელი ამერიკა“, „მასონები და მდიდარი ანგლო-საქსონური ოჯახები“. საერთოდ, სახელწოდებას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, გააჩნია, პროპაგანდა ვისზე და დროის რომელ მონაკვეთშია გათვლილი. მთავარია, მოქალაქის ცნობიერებაში „გაჯდეს“, რომ მმართველი ძალა „პატრიოტული და ეროვნული ინტერესების დამცველია“, რომელსაც შეეძლო და შეუძლია გააკეთოს „მეტი და მეტი“ ერისთვის, მაგრამ ამისთვის უნდა იყოს მუდამ ხელისუფლებაში და ამაში ხელს უშლის „მტერი“.

პუნქტი N3 – ფარისევლური, ცრუ შედარება, ანალოგიები, რომლებიც დაფუძნებულია ჭეშმარიტებაზე. მარტივად – ამბავი ნამდვილია, მაგრამ ინტერპრეტაცია, მიწოდება და „დასკვნა“ – განზრახ მცდარი, ტყუილი. „დამცველი“ (პუნქტი N1) „მტრისგან“ (პუნქტი N2) გვიცავს ჩვენ, ყველას იმიტომ რომ… „იყოს მშვიდობა, აი, რა ხდება მეზობელ უკრაინაში“, „შენარჩუნდეს სტაბილურობა, აი, რა ხდება საფრანგეთში“.

პუნქტი N 4  – დამკვეთისთვის (ჩვენს შემთხვევაში – კრემლი) „მეგობრის და პარტნიორის“ როლის მორგება – „რომ არა რუსეთი….“, „უკრაინის ბრალია ომის დაწყება“, „სააკაშვილმა დაიწყო 2008 წლის ომი“. მოკლედ, სულ მცირე, წვეტიანი კუთხეების მორბილება და შემდეგ – ერთადერთ ალტერნატივად წამოჩინება.

პუნქტი N5 – შიშის დანერგვა. მომხრეებში და ე.წ. ნეიტრალურ ან ნიჰილისტურ მოქალაქეებში ნაცადი ხერხით – „მტრის“ (პუნქტი N2) პროპაგანდისტული ცრუ აღწერით და პუნქტი N3 – ცრუ ანალოგების მოყვანა, მათ შორის, „კი, ოკუპირებულია საქართველოს ნაწილი, მაგრამ სრული განადგურება გველის, თუ…“. მოაზროვნე ოპონენტების  პირდაპირი „გაშავების“ და ტერორის დაწყება.

ამ ხუთი პუნქტის წარმატებით შესრულების შემდეგ, იწყება გეგმის შემდეგი ტაქტიკური სვლა – პირდაპირი ტოტალიტარიზმის, ანუ სრული ძალადობრივი მმართველობის დაწესება. მოწინააღმდეგე ან შენსკენ არის გადმოსული ან დასუსტებულია, ან დევნილობაშია ან განადგურებულია.

რეალურად, რა წერია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს 8 იანვრის განცხადებაში?

  • აშშ-მ, ევროკავშირმა და სხვა რამდენიმე სახელმწიფომ დააწესა „ფინანასური სანქციები“ და „სავიზო შეზღუდვები“ რეჟიმის წარმომადგენელთა წინააღმდეგ. “აღნიშნული გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ უნდა შეფასდეს როგორც ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ქართული საზოგადოების ნდობას დასავლური ინსტიტუტების მიმართ“ – აქ უკვე ვხედავთ ზემოხსენებული გეგმის N1 და N2 პუნქტებს. ბ. ივანიშვილი, ვ. გომელაური და რეჟიმი გათანაბრდა “საქართველოსა” და “ქართველ ხალხთან”, “მტერი” კი კოლექტიური დასავლეთი და მისი ინსტიტუტებია.
  • დასავლეთის ქვეყნებს და მათ პოლიტიკოსებს “მართავს გლობალური ომის პარტია”, „დიფ სთეითის“ მეტასტაზები”, შესაბამისად “ანტიქართულია” ამ ქვეყნების “დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ”. მარტივად, ვინც არ ეგუება 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას, ხელისუფლების უზურპაციას და მშვიდობიანი მოქალაქეების დევნასა და მათზე ძალადობას, არიან ოლიგარქ ბ. ივანიშვილისა და მისი რეჟიმის, ანუ როგორც „ოცნება“ მიიჩნევს, ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მტრები (ზემოხსენებული გეგმის მე-2 და და მე-3 პუნქტები).
  • უკლებლივ ყველა კონკრეტული პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა… არის „დიფ სთეითის“ ქსელის წევრი, რომელიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესების მიხედვით, არამედ, გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებს”. აქ თავისუფლად რჩება სივრცე, უკვე საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლინდნენ “ხალხისა და ქვეყნის მტრები”, და დააკავშირონ ისინი „გლობალური ომის პარტიასთან”, რაც განცხადებაში ისედაც „გაშლილია“.
  • გეგმის მე-3 პუნქტს ეხმაურება ასევე, განცხადების შემდეგი ნაწილი – „საქართველო უკრაინულ სცენარს დიდი ძალისხმევისა და უკომპრომისო ბრძოლის შედეგად ჯერჯერობით გადაურჩა (პუნქტი N1 – “გმირი” ხელისუფალი), თუმცა მშვიდობისთვის ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი. ვიდრე არსებობს უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესიც ყოველთვის იარსებებს. სწორედ ამას უკავშირდება სანქციები, რომელსაც გლობალური ომის პარტიის კარნახით (პუნქტი N2 და N3) და „დიფ სთეითის“ ხელით, კონკრეტული სახელმწიფოები ქართველ პოლიტიკოსებსა და თანამდებების პირებს უწესებენ. ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რომ გადარჩეს და საქართველოს უკრაინიზაცია არ დაუშვას (პუნქტი N3 და N5)”. აქ აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ უკრაინის ყირიმის ანექსია და 2022 წლიდან ომის დაწყება რუსეთმა მოახდინა, მაგრამ „ოცნების“ განცხადებაში მთელი „დანაშაულებრივი ტვირთი“  „კოლექტიურ დასავლეთზეა“ გადატანილი.
  • გეგმის მე-3 პუნქტის მიხედვით, წარმოჩინებულია, თუ როგორი გარყვნილი, დასუსტებული, “გაფუჭებული” და “წყალწაღებულია” დასავლეთი, მათ შორის, ევროკავშირი. აქვე, “მეხუთე რეზოლუციით ევროპარლამენტმა მოითხოვა ის, რის საჯაროდ მოთხოვნასაც სერიოზულ მოთამაშეთაგან, მანამდე ვერავინ ბედავდა – რუსეთისთვის სანქციების დაწესება და ქართული ეკონომიკის ჩამოშლა. და ეს უკვე მე-4 პუნქტია – რუსეთის როლის წარმოჩენა.
  • განცხადებაში ვხედავთ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ კარგად გათამაშებულ გამბიტს – პროპაგანდა დაფუძნებულია შიშზე, ტყუილზე და ჭეშმარიტების გაუკუღმართებულ წარმოჩინებაზე. მტრის ხატის იერის შეძენა-შეფუთვა, კონკრეტული ფაქტებით, მაგრამ ფარისევლური, ცრუ ინტერპრეტაციებით.

– „რქები დაკარგე?“,

– „არა!“

– „ანუ, რქიანი ხარ!“

 

რა თქმა უნდა, ძირითადი აქცენტი აღებულია გეგმის პირველი პუნქტიდან – “გმირი და დამცველი” ბელადი, რომელიც იცავს ჩვენს სამშობლოს, ენას, მამულსა და სარწმუნოებას, დედა ეკლესიას, ღირსებას, მეობასა და გაგებას, “საზიზღარი” და “გაუკუღმართებული” დასავლური ფასეულობებისგან, “ლიბერალური ფაშიზმისგან” და ამისთვის ისჯება  ბ. ივანიშვილი და არა იმიტომ, რომ გააყალბა არჩევნები, მიიტაცა ხელისუფლება და მისი რეჟიმი ძალადობს მშვიდობიან საპროტესტო აქციების მონაწილეებზე!

  • დიპლომატიის ენა „გვერდზეა გადადებული“, პირდაპირი ლანძღვა და ცრუ ბრალდებები სხვადასხვა სახელმწიფოს მიმართ. ნათლად ხდება სტიმულირება, თუ ვინ არის „პატრიოტი გმირი“, რა „ფასეულობებზე“ დგას და ვინ არის „მტერი“, მისი უკუღმართი ტრადიციებით. რომ ეს ბრძოლა არის არა უზურპატორის, არამედ, საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ (რაც „ოცნების“ პროპაგანდის მიხედვით, ერთი და იგივეა). „ხელისუფლებაზე მეტადაც კი, გლობალურ ომის პარტიას ქართველი ხალხის უკომპრომისო პოზიცია აღიზიანებს”, “ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს“, „ვერავინ ვერავითარი სანქციების ფასად ვერ აიძულებს, ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს”.
  • რეჟიმს არ აწყობს ზეპარტიული, სახალხ პროტესტი, ვინაიდან ამდენი წლის განმავლობაში, ქმნიდა გლობალური მტრის ადგილობრივ ხატსაც. ამ თემას “ქართულ-რუსული ოცნება” მოქალაქეთა გარკვეული სეგმენტისთვის ვრცლად ავითარებს – არის მხოლოდ ის, “ჭეშმარიტად პატრიოტული ძალა”, ყველა დანარჩენი, ვინც მას არ ეთანხმება, არის უმცირესობაში მყოფი, კოლექტიური “ლოკალური ომის პარტიის” მხარდამჭერი.
  • თავად განცხადების ტექსტის დეტალურ განხილვას აღარ გავაგრძელებ, ისედაც ვრცლად გამომივიდა, მაგრამ განცხადების ბოლოს ვხედავთ პირდაპირ და ღია გზავნილს – „ქართული ოცნება“ 2030 წლამდე აპირებს ყველაფრის „დაკონსერვებას“, შემდეგ, ვაჭრობას – რა იცი, რამდენი ფიცო, ორბანი და ივანიშვილის მსგავსი, რუსეთზე მიბმული ოლიგარქი ლიდერი იქნება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ლიდერები იმ პერიოდში, თან ბ. ივანიშვილი მაგ პერიოდისთვის პარტიის გამოცვლასაც გეგმავს, დინასტიას კი მისი ვაჟი უტა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. ეს გაცხადებულიც აქვს რამდენჯერმე, ვინც უსმენდა, იმას ესმოდა – თვალებში მოყრილი ნაცრის მიღმა… რეალურად, არც ეგ არის ტრაგედია, თუ არაფერი შეიცვლება ივანიშვილისთვის ევროკავშირში, კრემლის დავალება უკვე შესრულებული იქნება.

კრემლის ხსენებული გეგმა სპეცსამსახურების „ტრადიციული“ მეთოდია, რომლის განხორციელებაც, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, აღარ საჭიროებს იმაზე მეტ დროს, ვიდრე 10 წელია, რაც წინა საუკუნეში შეუძლებელი იყო. „ტვინის გამორეცხვა“ დღეს გაცილებით უფრო მარტივია, თან როდესაც სამიზნე ჯგუფი გყავს საუკუნეების განმავლობაში შესწავლილი და გაქვს „სამუშაო მასალა“, საკუთარი აგენტურა და ადამიანები, ვინც საკუთარი კეთილდღეობისა თუ უსაფრთხოებისთვის მზად არიან, ითანამშრომლონ. მთავარია, მეტი „სასარგებლო იდიოტი“ და „მორჩილი მასა“.

რატომ გაკეთდა „რუსული ოცნების“ ეს განცხადება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ტრამპის ინაუგურაციამდე 2 კვირით ადრე? – ეს ბუნებრივია, პრევენციულ თუ სტრატეგიულ ხასიათს ატარებს. მიმაჩნია – ეს გადაწყვეტილება მიღებულია კრემლში, გლობალური სიტუციის ანალიზის ფონზე. მარტივად, შეიქმნა ილუზორული „მტრის ხატი“, წამოიკიდეს რა თავად ტრამპის შტაბის ნარატივი „უხილავი მმართველობის სისტემის“ არსებობის შესახებ. ახალის მოფიქრება რაღა საჭიროა, როდესაც სტრატეგიულმა ოპონენტმა თავად „გაჩუქა“ ასეთი საშუალება. Deep State-ის პირდაპირი თარგმანი „ღრმა სახელმწიფო“, ანუ სახელმწიფო სისტემაში ღრმად ჩამალული უხილავი მმართველი სისტემაა, რომელიც შედგება ძალაუფლების პოტენციურად საიდუმლო და არაუფლებამოსილი ჯგუფებისგან, რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად საკუთარი დღის წესრიგისა და მიზნების მისაღწევად. ხალხში ამ ტერმინს ახასიათებს მეტწილად უარყოფითი კონოტაცია და ხშირად ასოცირდება „შეთქმულების თეორიებთან“. ეს ცნება, სხვათა შორის, თურქეთში გაჩნდა, დაახლოებით, 100 წლის წინ, ქემალ ათა თურქის მმართველობის ჟამს. მას შემდეგ, ვისაც „სჭირდება“ და რისთვისაც სჭირდება, იყენებს.

მოკლედ, თუ „გაიმარჯვებს“ არჩეული პრეზიდენტი ტრამპი ამ „დიფ სტეითზე“ – რეალურად კი დაალაგებს კრემლი დონალდ ტრამპთან მსოფლიო ახალ წესრიგს თავის სასიკეთოდაც, მაშინ „ოცნების“ ამოცანები დიქტატორულ რეჟიმად ჩამოყალიბების მიზნით გაცილებით გამარტივდება და „მტრის ხატის“ ძიება მხოლოდ ქვეყნის შიგნით იქნება საჭირო.

თუ კრემლი ვერ მიიღებს პრეზიდენტ ტრამპისგან იმას, რაც სურს ვლადიმერ პუტინს, მაშინ გამოცხადდება, რომ დონალდ ტრამპმა „ვერ გაიმარჯვა“ „უხილავ გლობალური ომის პარტიაზე“ და „რუსული ოცნება“ აგრძელებს რიტორიკას, რომ ოლიგარქი ივანიშვილი „ისჯება“ იმისთვის, რომ იცავს სრულიად საქართველოს, ენას, მამულს და სარწმუნოებას, ქართველ მამაკაცებს – გარყვნილებისგან და ა.შ. და „იძენს“ დამატებით არგუმენტებს თავისი შემდგომი მოქმედებების გასამართლებლად. აქ მეტი შიდა აგრესია, დაპირისპირება და ძალადობა იქნება მოსალოდნელი, რა თქმა უნდა, რუსეთის მხარდაჭერის იმედით.

ოლიგარქს ისე სურდა ხელისუფლებაში მოსვლა 2002 წლიდან და ისე სურს ამ ხელისუფლების შენარჩუნება დღეს, რომ სხვა გზა არც აქვს, უნდა გადავიდეს პირდაპირ დიქტატურაზე (აქაც რამდენიმე „წინა“ საფეხური იქნება) და ემეგობროს მისნაირ რეჟიმებს – ცივილური სამყარო მას არ მიიღებს.

თუ (და იმედია, ასეც იქნება) ოლიგარქი ვერ მიიღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერას, მას გაცილებით გაუჭირდება საქართველოში პირდაპირ დიქტატურაზე გადასვლა, მაგრამ არსებული ნიშნებით, ის უკან მაინც არ დაიხევს. უპირველეს ყოვლისა, ამისთვის არის მიღებული 2024 წლის გაზაფხულზე ე.წ. აგენტების კანონი, რათა შემცირდეს ყველა სახის უცხოური დაფინანსება, უპირველეს ყოვლისა, სამოქალაქო საზოგადოების, ასეთი ორგანიზაციები გამოცხადდეს უცხო ქვეყნის (შესაბამისად „მტრის“) ინტერესების გამტარებლად, დაფინანსების მიმღები კი – „გრანტიჭამია არასამთავრობო ორგანიზაციები“ და ინდივიდები გადაიქცევიან „ხალხის მტრებად“. ეს საქართველოს ერთხელ უკვე გავლილი აქვს, მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში. შეიზღუდება კომუნიკაცია „კოლექტიურ დასავლეთთან“, „რუსულ ოცნებას“ აწყობს კიდეც სავიზო შეზღუდვების დაწესება. საქართველოდან გავა დასავლური კაპიტალი, რაც ჩანაცვლდება რუსული, ჩინური თუ ირანული კაპიტალით. კობახიძე თეირანს რამდენჯერმე ტყუილად არ სტუმრობდა.

გამოსავალი?

ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეროვნულ-პატრიოტულ პოლიტიკური ჯგუფებისთვის თუ სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ვინც საქართველოს განვითარებას ხედავს დასავლური ცივილიზაციის საერთო ოჯახში, დრო სულ უფრო აჩქარდება. პროცესები გახდება უფრო აგრესიული, მკვეთრი, ამუშავდება გეგმის ტაქტიკის შემდეგი ციკლი. აი, სწორედ ამ მომენტში გვჭირდება საერთო სამოქალაქო წინააღმდეგობის სახალხო მოძრაობა, კოორდინირებული, რომელშიც ჩართული იქნება როგორც საზოგადოებისთვის სანდო და აქტიური წარმომადგენლები, ასევე, პოლიტიკური პარტიებიც. ბრძოლა გველის უპრეცენდენტო, რუსეთი და ივანიშვილი საქართველოს ხელიდან გაშვებას მარტივად არ აპირებენ. საჭიროა პოლიტიკური და სამოქალაქო სიმწიფის, მოქნილობის და ინოვაციის გამოყენება. ჩვენ დღეს დავდექით თვისებრივად ახალ მოცემულობათა წინაშე, რომელიც ახალ მოთხოვნებს გვიყენებს.

პარტია „ჩვენ“ უკვე ორგზის გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას საერთო სახალხო მოძრაობა, ვინაიდან ლეგიტიმური ხელისუფლების წყარო საქართველოში არის და ყოველთვის იქნება ხალხი, მოქალაქეები. ზეპარტიული სახალხო მოძრაობა ნიშნავს ერთობას, წევრთა პარტიული, რელიგიური, სოციალური, ეთნიკური თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად, ასეთი „სახალხო ერთობა“ ნიშნავს წინააღმდეგობას  კონსტიტუციურ ფორმებში, მოქნილ კოორდინაციას, რესურსების კონსოლიდაციას, გამართულ საინფორმაციო კამპანიას, როგორც საქართველოში (განსაკუთრებით ინფორმაციულად მოწყვლად რეგიონებში), ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან, ბოლოს და ბოლოს, საერთო სტრატეგიას საერთო შედეგის მისაღწევად. საერთო შედეგია დიქტატურული რეჟიმის შექმნის შეჩერება, არსებული უზურპატორული სისტემის ჩამოშლა და ახალი გამჭირვალე არჩევნების დანიშვნა.

 

გიორგი პატარიძე,

პარტიის „ჩვენ“ დამფუძნებელი, თანათავმჯდომარე.
ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი

2025 წლის 8 იანვარი

banner
წინა სტატიაშიანდრო ჭიჭინაძის დედა: ანდრო, მშვიდად იყავი, მე ძალიან მაგრა ვარ, არ გავტყდები მე შენ მანდ არ დაგტოვებ
შემდეგი სტატიაპაპაშვილის დაარსებული პრემიის ლაურეატი მსახიობები ჯილდოებს უკან აბრუნებენ