საქართველოში დღეს ორი პრობლემაა: სასამართლო და პროკურატურა და მათ სახელად ბიძინა ივანიშვილი ჰქვია

საქართველოში დღეს ორი პრობლემაა: სასამართლო და პროკურატურა და მათ სახელად ბიძინა ივანიშვილი ჰქვია. მეტი პრობლემა საქართველოში არ არსებობს, – ამის შესახებ ფონდ „იავნანას დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ არასამთავრობო სექტორთან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და საზოგადოების წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პაატა ბურჭულაძის თქმით, ფონდი მუშაობის შეწყვეტას არ აპირებს.

„დღეს არის ორი პრობლემა საქართველოში: სასამართლო და პროკურატურა, მათ სახელად ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, მეტი პრობლემა საქართველოში არ არსებობს. ეს პრობლემა თუ გადავწყვიტეთ, გაიმარჯვებს ჭეშმარიტება. არ ვაპირებთ ფონდის გაჩერებას, იმიტომ, რომ დამარცხება ნიშნავს სიკეთის მოსპობას საქართველოში. ფონდი „იავნანა“ იქნება ის, რომელიც შეებრძოლება ამ ბოროტებას”,- აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებით, პროკურატურაში გამოძიება დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვის მუხლით მიმდინარეობს. საქმეზე ფონდის არაერთი თანამშრომელი, მათ შორის ფონდის დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე გამოიკითხა.

ამასთან, ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანჟელა ვასილენკოს წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. პროკურატურა ვასილენკოს მიერ გამოკითხვაზე გამოუცხადებლობის საკითხზე მსჯელობას გეგმავს. როგორც ფონდ „იავნანას“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვასილენკოს მიერ სასამართლოში გამოკითხვაზე გამოუცხადებლობით ზიანი ადგება გამოძიების ინტერესებს.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი ლევან ყიფიანთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს
შემდეგი სტატია7000 ლარამდე თანხა რიგითი ექიმებისგან სალომე ზურაბიშვილის ყულაბაში – ჩაჩავას და ღუდუშაურის კლინიკებმა მსხვილი შესაწირი გაიღეს