საქართველოში დღეს დედაენის დღე აღინიშნება

14 აპრილი დღეა, როდესაც ქართველმა ერმა გამოიჩინა ერთსულოვნება, დაგვეცვა ჩვენი თვითმყოფადობა, ვინაიდან ჩვენი ენა არის ქართული თვითმყოფადობისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნაზე განაცხადა.

„განსაკუთრებულად მივესალმები ჩვენს ახალგაზრდებსა და მოზარდებს. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ეს გახლავთ ისტორია ბრძოლისა თავისუფლებისთვის და ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის. ჩემთვის პირადად 1978 წლის 14 აპრილი სწორედ ასეთი თარიღია, თარიღია, როდესაც ქართველმა ერმა გამოიჩინა ერთსულოვნება, რომ დაგვეცვა ჩვენი თვითმყოფადობა, ვინაიდან ჩვენი ენა არის ქართული თვითმყოფადობისა და ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილი.

თითოეულმა თქვეგანმა იცის, რომ განათლება არის ჩვენი პრიორიტეტი, ეროვნული იდეა, რომელიც დაგვეხმარება საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის დამარცხებაში. ქართულ ენას, მისი სიწმინდის შენარჩუნებას ამ ეროვნულ იდეაში აქვს განსაკუთრებული და ყველაზე მნიშვნელოვანი როლი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოში დღეს დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში გამართულმა გრანდიოზულმა საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა და ხელი შეუშალა საბჭოთა ხელმძღვანელობას, საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ მუხლი გამქრალიყო.

თარიღთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიასანჟის მამა ავსტრალიის მთავრობას შვილის ექსტრადაციისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაფინეთის არჩევნებში სოციალ-დემოკრატები ლიდერობენ