საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 1, 2019 11:38

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა

ერთი დოლარის ღირებულება 2.17 ლარი გახდასაქართველოში 2019 წლის პირველი იანვრიდან დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. იანვარში გაცემულ ხელფასებზე 2-პროცენტიანი შენატანები უკვე საპენსიო ფონდში უნდა გადაირიცხოს. ისინი მოქალაქეთა პერსონალურ საპენსიო ანგარიშებზე აისახება.

პირველი არხი საპენსიო სააგენტოს უფროსს, ლევან სურგულაძეს დაუკავშირდა და დაინტერესდა, მზადაა თუ არა სააგენტო სისტემის ამოქმედებისთვის და რა ვალდებულებები აქვს ბიზნესს პირველი იანვრის შემდეგ.

„ყველამ უნდა იხელმძღვანელოს კანონით დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ და საპენსიო სააგენტოს საიტზე განთავსებული ინსტრუქციით. ასევე იმოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი. კანონი მოითხოვს, რომ პირველი იანვრიდან გაცემულ ხელფასზე სავალდებულო წესით განხორციელდეს 2-2 პროცენტიანი შენატანები. საპენსიო შენატანების ელექტრონული ადმინისტრირების სისტემა არის მზად. ის ღილაკი, საიდანაც სისტემაში გადასვლა არის შესაძლებელი, ამოქმედდება ამაღამ ან ხვალ დილით.

1-2 იანვარი დასვენების დღეებია, თუმცა აქტიური იქნება ელექტრონული სისტემა და ვებგვერდი. 3 იანვარს დილის 09:00 საათიდან ადამიანებს შეეძლებათ სისტემაში შესვლა ინსტრუქციის მიხედვით, წარმოადგინონ ინფორმაცია. მათ შორის მარტივი საპენსიო დეკლარაცია – გვარი, სახელი, პირადი ნომერი და დარიცხული თანხა. ამის შემდეგ ჩვენ ვამოწმებთ ინფორმაციას სამოქალაქო რეესტრთან, ვითვლით 2-2 პროცენტს.

ბუღალტერი დაინახავს, რამდენია ჩასარიცხი ბანკში. საიტზე არის ის ბანკები, სადაც გვაქვს ნომინალური მფლობელობის ანგარიშები. ამ ბანკებში ჩაგვირიცხავენ ფულს, ამ ინფორმაციას მივიღებთ ავტომატურად. შემდეგ გაიხსნება პერსონალური ანგარიშები. ეს თანხები თითო ადამიანს გამოუჩნდება თავის პირად გვერდზე“, – განაცხადა ლევან სურგულაძემ.

ვის შეუძლია სქემაში მონაწილეობა?

დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა დასაქმებულ ან თვითდასაქმებულ მოქალაქეს, ასევე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

ვისთვის არის სისტემა სავალდებულო?

სისტემაში ჩართვა სავალდებულოა 40 წლამდე ასაკის პირებისთვის – დასაქმებულებისთვის, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით 40 წელი არ ჰქონდათ შესრულებული.

ვისთვის არის სისტემა ნებაყოფლობითი?

დასაქმებულებისთვის, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით შეუსრულდათ 40 წელი, დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა ნაბაყოფლობითია. თუმცა, 2019 წლის პირველ იანვარს სქემაში ისინიც ჩაერთვებიან. სისტემის დატოვება მათ 2019 წლის 1 აპრილიდან 31 მაისამდე პერიოდში შეეძლებათ.

ვარ თვითდასაქმებული. შემიძლია თუ არა სქემაში მონაწილეობა?

თვითდასაქმებულებს სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობით შეუძლიათ. თუმცა, მათ ფონდში შემოსავლის 4 პროცენტის გადარიცხვა მოუწევთ. ამ შემთხვევაში, ორ პროცენტს სახელმწიფო დაამატებს. თვითდასაქმებულებს რეგისტრაცია საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე შეეძლებათ.

ვარ 40 წელზე უფროსი ასაკის დასაქმებული. დავაკვირდები სისტემას და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, დავრჩე თუ არა.

მოქალაქემ სისტემის დატოვების გადაწყვეტილება 1 აპრილიდან 31 მაისამდე პერიოდში უნდა მიიღოს. ამ ვადის გასვლის შემდეგ სისტემის დატოვების უფლება აღარ ექნება.

ჯერ არ შემსრულებია 40 წელი. არ ვარ დასაქმებული. ჩავერთვები თუ არა სისტემაში დასაქმების შემდეგ?

მოქალაქე სისტემაში ავტომატურად ჩაერთვება შემოსავლის მიღებისთანავე. სისტემაში ჩართვა სავალდებულო იქნება.

შევძლებ თუ არა საპენსიო შენატანების მიღებას საპენსიო ასაკის მიღწევამდე?

საპენსიო შენატანებს საპენსიო ასაკამდე პირი საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში მიიღებს. ასევე, თუ გახდება შშმ პირი. გარდაცვალების შემთხვევაში, საპენსიო შენატანებს მოქალაქის კანონიერი მემკვიდრე მიიღებს.

დარიცხული ხელფასი 1000 ლარი მაქვს. რა ხელფასს ავიღებ ხელზე და რამდენი დაგროვდება საპენსიო ფონდში?

1000 ლარიდან 2% (20 ლარი) ჩაირიცხება საპენსიო ფონდში. დარჩენილი თანხა, 980 დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით. მოქალაქე ხელზე აიღებს 784 ლარს (მანამდე 800 ლარს იღებდა). საპენსიო ფონდში კი, ჯამში 60 ლარი ჩაირიცხება (20 დასაქმებულის, 20 დამსაქმებლის, 20 სახელმწიფოს).

ვმუშაობ რამდენიმე ადგილას. რომელი სამსახურიდან ჩაირიცხება თანხა საპენსიო ფონდში?

საპენსიო ფონდში თანხა გადაირიცხება ყველა სამსახურიდან. თუ წლიურად დარიცხული ხელფასის ოდენობა გადააჭარბებს 24 ათას ლარს, დამატებით თანხაზე სახელმწიფოს კონტრიბუცია ორის ნაცვლად ერთი პროცენტი იქნება. სახელმწიფოს კონტრიბუცია აღარ განხორციელდება, თუ ხელფასის ჯამური ოდენობა გადააჭარბებს 60 ათას ლარს.

სად წავა ჩემი ფული?

პირველი ხუთი წლის განმავლობაში, მონაწილეთა თანხები განთავსდება მხოლოდ დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში. ამის შემდეგ მონაწილეებს მიეცემათ საშუალება, აირჩიონ დაბალრისკიანი, საშუალორისკიანი ან მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი. ამაზე იქნება დამოკიდებული საპროცენტო სარგებელი, რომელსაც მოქალაქე მიიღებს.

ჩაანაცვლებს თუ არა დაგროვებითი პენსია არსებულ, მინიმალურ პენსიას?

დაგროვებითი პენსია იქნება იმ მინიმალური პენსიის დანამატი, რომელსაც ყველა მოქალაქე საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ბიუჯეტიდან მიიღებს.

რა სქემით გადანაწილდება თანხა?

ყოველთვიურად მისაღები თანხის გამოსათვლელად საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხა გაიყოფა წლების რაოდენობაზე (სიცოცხლის საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელი მინუს მონაწილის მიმდინარე ასაკი) და 12 თვეზე. მაგალითად, თუ საპენსიო ანგარიშზე 100 ათასი ლარია, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 75 წელი, მოქალაქე კი, პენსიაზე 65 წლის ასაკში გადის, პენსიის ყოველთვიური ოდენობა 833 ლარი იქნება.

ვარ დამსაქმებელი, როგორ უნდა განვახორციელო საპენსიო შენატანები?

საპენსიო შენატანები განხორციელდება საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. შესაბამისი ინსტრუქცია საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდება. დამსაქმებელი გაივლის ავტორიზაციას, შემდეგ კი, საკუთარ საპენსიო ანგარიშებზე წვდომას დასაქმებულებიც მოიპოვებენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 1, 2019 11:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,001
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics