“საქართველოში დაახლოებით 12 000 მოქალაქის გარდაცვალება ჰაერის დაბინძურებასთანაა დაკავშირებული”

საქართველო ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, მთელს მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ამის შესახებ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას სანდოდ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ჰაერის დაბინძურება საგანგაშოა.

„ამის მიზეზი გაუმართავი სატრანსპორტო სისტემაა. ჩვენთვის გაუგებარია და აღმაშფოთებელია საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების პოზიცია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდობლობა გამოუცხადეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის შედეგებს. ასევე ყოველგვარ არსს არის მოკლებული ოფიციალური პირების განცხადება, თითქოს ჰაერის დაბინძურება არ არის საგანგაშო ზღვარზე და ეს იმ ფონზე, როდესაც შესაბამისი უწყებები ჰაერის მონიტორინგსაც კი ვერ ახერხებენ. სინამდვილე ასეთია: საქართველოში ყოველწლიურად ხდება დაახლოებით 12 000 მოქალაქის გარდაცვალება ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული რისკ ფაქტორების გამო, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა რაოდენობით კი, ჩვენ ევროპაში პირველ ადგილს ვიკავებთ. ეს არის შესაბამისი უწყებების და მთელი მთავრობის სრული კრახი. პრემიერის განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, მხოლოდ და მხოლოდ მისივე საკეთილდღეოდ გაკეთებული განცხადებაა და ის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია მოითხოვს შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, „რომელიც მთავრობასთან ერთად ჩამოაყალიბებს პრობლემის მოგვარების ისეთ გზებს, რომელიც დაკავშირებული არ იქნება კორუფციასთან”, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: “ქართულ ოცნებას” აქვს იმაზე მეტი პროცენტული მხარდაჭერა, ვიდრე ყველა პარტიას ერთად
შემდეგი სტატია“თაღლითური გზით ამოღებული თანხები გადაერიცხება “ქართულ ოცნებას” და მოხმარდება არჩევნების გაყალბებას”