საქართველოში ცხვრის კატარალური ცხელების არსებობა არ დასტურდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოს ტერიტორიაზე ვირუსული დაავადების – ცხვრის კატარალური ცხელება (Bluetongue) – არსებობას არ ადასტურებს.
მიმდინარე თვის დასაწყისში, თბილისის მახლობლად, ერთ-ერთ ფერმაში წვრილფეხა პირუტყვის დაცემის ფაქტი აღინიშნა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაუყოვნებლივ გაატარა ვეტერინარული და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები. პირველადი ლაბორატორიული კვლევით დაისვა ცხვრის კატარალური ცხელების დიაგნოზი.

საქართველო ცხოველთა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (OIE) წევრი ქვეყანაა. აღებული ვალდებულებების შესაბამისად, შესაბამისმა სამსახურებმა პირველადი დიაგნოზის შესახებ ოპერატიულად აცნობეს აღნიშნულ ორგანიზაციას.

აღებული ნიმუშები გადაიგზავნა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირბრაიდის (დიდი ბრიტანეთი) რეფერალურ ლაბორატორიაში – გაგზავნილი 11 ნიმუშიდან ცხვრის კატარალური ცხელება არცერთში არ აღმოჩნდა. აღნიშნულის შესახებ დამატებით ეცნობა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.

სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების კეთილსაიმედოობის მიზნით ახორციელებს ვეტერინარულ ღონისძიებებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ვაქცინაციის და ცხოველთა იდენტიფიკაციის პროცესი, რაც ხელს უწყობს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვასა და მიკვლევადობას.

banner
წინა სტატიაშიმოსკოველებს მერიამ სთხოვა სახლებიდან არ გავიდნენ
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: საარჩევნო გარემო ყოველგვარი ძალადობისგან თავისუფალი უნდა იყოს