საქართველოში ბოლო 12 წლის განმავლობაში 61 სოფელი დაიცალა

საქართველოში ბოლო 12 წლის განმავლობაში 61 სოფელი დაიცალა. „საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ თავმჯდომარის თამარ ჩიბურდანიძის განცხადებით, 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, საქართველოს 162 სოფელი იყო გაუკაცრიელებული, აღწერის ახალი მონაცემებით კი დაცარიელებული სოფლების რაოდენობა 223-მდე გაიზარდა.

როგორც თამარ ჩიბურდანიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გაუკაცრიელებული სოფლები მთიან რეგიონებში მდებარე საზღვრისპირა სოფლებია.

მისივე ინფორმაციით, გაიზარდა იმ სოფლების რაოდენობა, სადაც 1-დან 5 ადამიანამდე ცხოვრობს: „თუ 2002 წლის მონაცემებით ასეთი სოფლების რაოდენობა იყო 74, დღევანდელი მონაცემებით არის 157“, – აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.

„საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვნად შემცირდა ხალხმრავალი სოფლების რაოდენობა.

„2002 წელს ხალხმრავალი სოფელი, სადაც 5000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, 28 იყო, დღევანდელი მონაცემებით ასეთი 12 სოფელია. ამ სოფლებში შედის წეროვანი და დევნილებით ჩასახლებული სოფლები, სადაც მოსახლეობის რაოდენობა არა ბუნებრივი მატების შედეგად გაიზარდა, არამედ შიდა მიგრაციის შედეგად. თუ ამ სოფლებს გამოვაკლებთ, მაშინ 12 კი არა ბევრად უფრო ნაკლები იქნება დიდი სოფლების რაოდენობა“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 23,7%-ით შემცირდა და 1 591 181 ადამიანი შეადგინა. მთლიანად საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა კი 3 713 804 ადამიანია, რაც 2002 წლის აღწერის შედეგთან (4 371 535 კაცი) შედარებით 15% ით (657 731კაცი) ნაკლებია.

თამარ ჩიბურდანიძის თქმით, მოსახლეობის ასეთი სერიოზული კლება ძირითადად მიგრაციით არის გამოწვეული.

banner
წინა სტატიაში“ვტოვებ თანამდებობას, რადგან თბილისის მერია მხოლოდ ივანიშვილზე ზრუნავს”
შემდეგი სტატიააქცია მერიასთან