საქართველოში არის ხალხი, რომლებიც მისწრაფების გამო ნატო-ს წევრები უნდა გახდნენ – პრეზიდენტი

საქართველოში არის ხალხი, რომლებიც მისწრაფების გამო ნატო-ს წევრები უნდა გახდნენ და ამ პოზიციას ალიანსის ბევრი წევრი იზიარებს – ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო არის უმსხვილესი კონტრიბუტორი ნატო-ს სამშვიდობო მისიაში.
„დიდი მადლობა, ბატონო გენერალურო მდივანო, რომ ძალისხმევას არ იშურებთ საქართველოს ინტეგრირების პროცესში, დიდი მადლობა, რომ ორგანიზებას უწევთ ამ მნიშვნელოვან შეხვედრას. ამ შეხვედრაზე ჩვენ საშუალება გვაქვს მსოფლიო ლიდერებთან ერთად ვიმსჯელოთ საქართველოს მომავალზე, საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე, უკრაინასთან ერთად. საქართველო ერთგულია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის. ვამაყობ იმით, რომ საქართველო არის უმსხვილესი კონტრიბუტორი ნატო-ს სამშვიდობო მისიაში. ჩვენ ვმონაწილეობთ შავი ზღვის უშიშროების დიალოგში. საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მონაწილეობა მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და შავი ზღვის დიალოგში იქნება საუბრის მთავარი თემა ნატო-ს წევრებთან.
„ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, როგორ გავხადოთ ჩვენი ქვეყანა უფრო უსაფრთხო და სტაბილური, როგორ გახდეს არსებული თანამშრომლობის ფორმატი უფრო ინტენსიური, რომელიც მიგვიყვანს თავდაცვისუნარიანობის გაზრდასთან, ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებასთან ალიანსთან და საბოლოოდ ნატო-ში გაწევრიანებასთან, რაც ჩვენი უმთავრესი მიზანია. ჩვენ ვაპირებთ გაფართოვდეს ჩვენი თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა კონტრ-მობილურობა, კიბერუსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რომელიც მომავალ წელსაა დაგეგმილი. გვაქვს შესანიშნავი პრაქტიკული თანამშრომლობა, ამ თანამშრომლობას გავაძლიერებთ. ჩემი აზრით, საქართველოში არის ხალხი, რომლებიც თავიანთი მისწრაფების გამო ნატო-ს წევრები უნდა გახდნენ და ჩემს ამ პოზიციას ალიანსის ბევრი წევრი იზიარებს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხანძარი ქვემო სვანეთში – კერების ლოკალიზებაში ვერტმფრენი ჩერთო
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძემ შემოგვთავაზა საქმიანი პოლიტიკა – თალაკვაძე