საქართველოში არჩევნებს ნატოს მისიაც დააკვირდება

region
ავტ.: region ოქტომბერი 28, 2020 18:47

საქართველოში არჩევნებს ნატოს მისიაც დააკვირდება

საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს არჩევნებზე დამკვირვებლებად ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები ჩამოვლენ. არჩევნებს 5 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები დააკვირდებიან.

ასამბლეა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს 2008 წლიდან აკვირდება. ამ წლის დელეგაციას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე, თურქი კანონმდებელი ოსმან ასკინ ბაკი უხელმძღვანელებს.

“დემოკრატია, თავისუფლება და კანონის უზენაესობა არის ის ფუძემდებლური ფასეულობები, რომლებსაც ნატო და ნატოს საპარლამენტო ასამბლეა იზიარებენ. უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტის დამკვიდრება არის ნატოს წევრობის უმთავრესი მოთხოვნა.

ქართული არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ერთგულებას ქართული დემოკრატიის და საქართველოს ევროატლანტიკური წინსვლის მიმართ”, – ამბობს ბაკი.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებების პირობებში აკვირდება არჩევნებს: იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს მოთხოვნა, ან თუ ასამბლეის ხელმძღვანელი ბორდი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები ითანამშრომლებენ ეუთოს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან.

დამკვირვებლები არჩევნების შესახებ პირველად დასკვნებს თბილისში 1 ნოემბერს, არჩევნების მეორე დღეს, პრესკონფერენციაზე წარადგენენ.

საქართველოში 2020 წლის საპარლამენო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

region
ავტ.: region ოქტომბერი 28, 2020 18:47