საქართველოში არაფორმალური მმართველობა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იყო და სწორედ კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შედეგად დასრულდა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა “ინტერVIEW”-ში ისაუბრა.

“2004 წლიდან 2012 წლამდე ჩვენ უშედეგოდ ვცდილობდით ავტორიტარული სისტემის დასრულებას ქვეყანაში. ეს ვერ მოხერხდა სხვა კონფიგურაციებით, სხვა ლიდერებით, სხვა კოალიციებით, მარტოც გავედით, სხვებთან ერთადაც ვიყავით, ალიანსებსაც ვქმნიდით, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. ეს მოხერხდა სწორედ 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის ასპარეზზე გამოჩენის დროს. ჩვენ ამ პროცესში და ამ პროექტში ჩავერთეთ სრულად, მე მგონი, შედეგი სახეზეა. საქართველოში დასრულდა ავტორიტარიზმი, საქართველოში დასრულდა მონოლითური-იერარქიული მმართველობა, როდესაც ყველა და ყველაფერი ერთი წერტილიდან იმართებოდა, ეს ცენტრი სწორედაც რომ არაფორმალური იყო, რადგან არც ერთ კანონში და კონსტიტუციაში არ ეწერა ის, რომ პრეზიდენტს უნდა გადაეწყვიტა, რა ფერად შეიღებებოდა ესა თუ ის შენობა, სად აშენდებოდა, თუ დაინგრეოდა სახლი“,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, „ჩვენ სწორედ გვქონდა კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასული ავტორიტატული მმართველობა და გადავედით ისტიტუციური მმართველობის სისტემაზე“.

„ჩვენ სწორედ გვქონდა კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასული ავტორიტატული მმართველობა და გადავედით ისტიტუციური მმართველობის სისტემაზე, რომელსაც დღესაც ძალიან ბევრი ხარვეზი აქვს. მაგრამ მე მიხარია, რომ ვხედავ ხოლმე სერიოზულ კონფლიქტებს პარლამენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს შორის, როდესაც კანონის კონსტიტუციონირებაზე აზრთა სხვადასხვაობა 4 წლის წინ წარმოუდგენელი იყო. მე მიხარია, როდესაც ვხედავ, საერთო სასამართლოებში მეორე ინსტანციის სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურად მნიშვნელოვან და დაძაბულ საკითხს. მე მიხარია, როდესაც ყველა ბიზნესმენი, ვისაც კი შევხვედრივარ, მათ აქვთ საკითხები, პრობლემები, საგადასახადო საკითხთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ არ შემხვედრია ბიზნესმენი, რომელსაც ეჩივლა, რომ მას ვინმემ რამე წაართვა, ან მის ქონებას ვინმე ემუქრება“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ერთ პირზე მიბმული მმართველობა დასრულდა.

„შეიძლება ცინიკურად ჟღერდეს ჩემი სიტყვები, მაგრამ მგონია, რომ ყველა სწორად და კარგად გაიგებს ამას. კოალიცია “ქართულ ოცნებას” ან პარტიას “ქართულ ოცნებას” ერთ-ერთი, რაც მოსახლეობისა და ჟურნალისტების მხრიდან საყვედური გაისმის, სწორედ არაორგანიზებულობაა. როგორ გგონიათ, ერთი კაცი რომ მართავდეს ამ პარტიას და სისტემას, იქნებოდა ამდენი არაორგანიზებულობა?! როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, დასრულდა ერთ კაცზე აწყობილი სისტემა და თუ სადმე რამე დარჩენილია, ეს უნდა დასრულდეს, ჩვენ ამისი სიმპტომები უნდა დავინახოთ. ბიძინა ივანიშვილმა გულწრფელად მოინდომა პოლიტიკიდან წასვლა და ვფიქრობ, ეს იყო ნაადრევი, როდესაც მან ერთი წლის შემდეგ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ის რომ კიდევ სულ მცირე ერთი წელი დარჩენილიყო, უბრალოდ კითხვებიც არ დარჩებოდა, მისი შემდგომი წასვლის შემდეგ, იგი აგრძელებს რაიმე ფორმით ჩარევას საკითხებში, თუ არ აგრძელებს“,-აღიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

წყარო

banner
წინა სტატიაშიIDFI – გრიფით საიდუმლო 9 აპრილის შესახებ
შემდეგი სტატიატასო ბარნოვა შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს