საქართველოში ახალგაზრდების დასაქმების პროგრამა ამოქმედდა

„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში” მეორე ეტაპზე გადადის.
14 ივნისს, თბილისში, გაიმართა ინოვაციური პროექტის „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში’’, მეორე კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა პოტენციურ დამსაქმებლებთან. შეხვედრას 20-ზე მეტი ბიზნეს კომპანიის და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც უკვე გამოთქვეს მზაობა ჩაერთონ ახალგაზრდების დასაქმებისა და სტაჟირების პროგრამაში. ინოვაციურ პროექტში დაგეგმილია არაერთი ბიზნეს კომპანიის და ორგანიზაციის ჩართვა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყოს ახალგაზრდების დასაქმების და თვითდასაქმების შესაძლებლობების გაზრდას და ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში მათი ფართო მასშტაბით მონაწილეობას. ამავე შეხვედრაზე გაიმართა ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია, რომლის საშუალებითაც ბიზნეს ორგანიზაციები იხელმძღვანელებენ ახალგაზრდების დასაქმების კომპონენტზე მუშაობისას.

პროექტის პირველ სამუშაო შეხვედრას ბიზნეს კომპანიებიდან ესწრებოდნენ: კომპანია „მეღვინეობა ხარება“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘’კრისტალი’’, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბი-აი-ჯი“, აუდიტორული კომპანია „ფინანსური ოფისი“, საერთაშორისო აუდიტორული ფირმა BDO.საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია, ბიზნეს ასოციაცია „ქალები მომავლისთვის“, კონკურენციის ცენტრი, ამერიკის სავაჭრო პალატა, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია (GTA), სავაჭრო-სამრეწველო პალატა ‘’საფრანგეთი-საქართველო’’, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, სადაზღვევო კომპანია ‘’IC Group’’ (აი სი ჯგუფი), შპს „დიო“, სს „თბილისი ცენტრალი“, შპს „ტექნო ბუმი“, ‘’სმარტი’’, სუპერმარკეტების ქსელი ,,Wendy’s, Dunkin Donuts, ტურისტული კომპანია ‘’Discover Georgia’’.

პროექტის ამ კომპონენტის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა, მათი შესაძლებლობების გაზრდა, სამუშო ადგილებზე პრაქტიკული ცოდნის მიღება და ახალგაზრდების მხარდამჭერი კორპორატიული პრაქტიკის დანერგვა.

პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ბიზნესის ერთი საჭირბოროტო საკითხის გარშემო გაერთიანება და ერთობლივი ძალისხმევით და ინოვაციური მიდგომებით ქვეყანაში არსებული ისეთი მწვავე პრობლემის დაძლევა, როგორიცაა ახალგაზრდების დასაქმება და სტაჟირება.

უფრო კონკრეტულად მოცემული პროექტის ეს კომპონენტი გულისხმობს:

1. ‘’დამსაქმებელთა გზამკვლევის’’ მომზადებას სტაჟირებისთვის და კომპანიების და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების HR-ისთვის ტრენინგების ორგანიზებას;

2. ახალგაზრდებისადმი მეგობრულად განწყობილი ბიზნეს-კომპანიების მიერ “ახალგაზრდების მეგობართა ბიზნეს-ჯგუფის“ შექმნას, რომელიც იქნება სოციალური პასუხისმგებლობის პლათფორმა და ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სტაჟირების პროგრამის განხორციელებას და ახალგაზრდების დასაქმებას;

3. ახალგაზრდების სტაჟირების პროგრამა განხორციელდება როგორც ბიზნეს სექტორში, ასევე ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებში. შერჩეული სტუდენტები გაივლიან საგანგებოდ მომზადებულ 2-3 თვიან სტაჟირების კურსს და შესაბამისად მიიღებენ სამუშაო გამოცდილებას ბიზნეს კომპანიებისა და ორგანიზაციებისგან.

პროექტის მეშვეობით გაიზრდება ახალგაზრდების ეკონომიკური შესაძლებლობები, გაფართოვდება არეალი ახალგაზრდების დასაქმების და თვითდასაქმებისათვის, რაც გააძლიერებს მათ ეკონომიკურ აქტივობას და მისცემს მათ საშუალებას, თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარების საქმეში.

ინფორმაცია პროექტის შესახებ:

„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში’’ ხორციელდება ფონდი ‘’კრისტალის’’ მიერ, ორგანიზაცია ’PH International-თან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘’კრისტალთან“ თანამშრომლობით, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების თვითდასაქმებას და დასაქმებას სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების განვითარებით, ახალგაზრდების მიერ შექმნილი მცირე საწარმოების გაძლიერებით, ცოდნის და უნარების მიღების ინოვაციური საშუალებებით და თვისობრივად ახალი ინიციატივების წამოწყებით. პროექტის შედეგად, 3 თვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც სპეციალურად მომზადდა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ, საქართველოს 21 ქალაქში 2 წლის განმავლობაში გადამზადდება 600 ახალგაზრდა და დაფინანსდება 30 ბიზნეს-ინიციატივა. პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში სპეციალურად ამ პროგრამისთვის შერჩეულ 20 ბიზნეს კომპანიაში დაიწყება 3 თვიანი სტაჟირების პროგრამები სპეციალური გაიდლაინების გამოყენებით, რომელიც ასევე ექსკლუზიურად პროექტის ფარგლებში იქმნება. სტაჟირებას 400-მდე ახალგაზრდა გაივლის. პროექტის მიმდინარეობის პროცესში აქტიურად მოხდება მედიასთან და სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან ურთიერთობა, რომ მოხდეს ახალგაზრდების თვითდასაქმებისა და დასაქმების საკითხების აქტუალიზაცია.

banner
წინა სტატიაშიტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
შემდეგი სტატია“იმედიანად ვართ განწყობილი, რომ ვიზალიბერალიზაცია ძალიან მალე საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდება”