საქართველოში ადრეული და სკოლამდელი აღზრდის სისტემის რეფორმირება იგეგმება

საქართველოში ადრეული და სკოლამდელი აღზრდის სისტემის რეფორმირება იგეგმება. ამასთან დაკავშირებით დღეს, პარლამენტში, “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელთან საშა გრაუმანთან ერთად წარადგინა.
როგორც პროექტის პრეზენტაციაზე ითქვა, სავალდებულო სკოლამდელი განათლების საერთაშორისო სტანდარტებით მომზადებული პროგრამით სკოლამდელი დაწესებულებების მომზადება პირველად დაიწყება.
რეფორმა გულისხმობს არა მხოლოდ უფასო სავალდებულო სკოლამდელ მომზადებას ყველა ბავშვისთვის, არამედ თანამედროვე სტანდარტის ინფრასტრუქტურას, კვებასა და ყველა აუცილებელი პირობების შექმნას ბაგა-ბაღებში. ეკა ბესელიას თქმით, რეფორმა უდიდესი მნიშვნელობისაა და ორი წელია მზადდება გაეროს ბაშვთა ფონდისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ყველა შესაბამისი უწყების მონაწილეობით.
კანონპროექტის მთავარი მიზანია ბავშვებისათვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნა და მაღალი ხარისხის, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებულების პრინციპზე დაფუძნებული და ბავშვის ინტერესებზე ორიენტირებული ადრეული აღზრდისა და განათლების სისტემის ხელმისაწვდომობა.
პროექტი 2013 წელს დეკემბერში UNICEF-ის ინიციატივით დაიწყო. 2014 წლიდან კი აქტიურად ჩაერთო შესაბამისი სამინისტროები, საერთაშორისო ექსპერტები, ადგილობრივი თვითმმართველობები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საბავშვო ბაღების მართვის სააგენტო, სურსათის ეროვნული სააგენტო და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიზვიად ქორიძე – შეწყალების ახალი აქტი მზადდება
შემდეგი სტატიავინ იმსახურებს თქვენ ნდობას?