„საქართველოში 110 თემი და სოფელია საფრთხის ზონაში. საფრთხის ზონად მიიჩნევა ისეთი ადგილები, სადაც შესაძლოა, განვითარდეს 7 კატასტროფა სხვადასხვა დროს, ეს შესაძლოა იყოს ძლიერი ქარი, ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობები, მეწყრული პროცესები, ღვარცოფული პროცესები, ზვავი, გვალვა და მიწისძვრა. სათითაოდ ყველა ამ საფრთხის შესახებ უნდა გაფრთხილდეს თითოეული ადამიანი. ამ ადამიანებმა არ იციან, რომ საფრთხის ზონაში ცხოვრობენ.
მიდის საუბარი, რომ ახლა უნდა შევიდნენ ამ 110 თემში და სათითაოდ ყველა ადამიანს უნდა აუხსნან, როგორ იმოქმედოს. იმ ორგანიზაციას, რომელმაც აიღო ეს პროგრამა, მოუწევს თითოეულ მუნიციპალიტეტში მინიმუმ 2 შეხვედრის ჩატარება კი არაა, კარდაკარ სიარული ყველა ადამიანთან. იქამდე უნდა გამოყონ პრიორიტეტი, ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში რა არის ყველაზე მეტად პრობლემური სტიქია.
ეს სერიოზული ნაბიჯია, თუმცა, საკმარისი არ იქნება. საჭირო იქნება მედიასთან მუშაობაც, რომ ჟურნალისტებმა კარგად იცოდნენ, რა უნდა გააშუქონ და როგორ უნდა გააშუქონ. ასევე მნიშვნელოვანია მუდმივი კავშირი მოსახლეობასთან. განათლების რეფორმა იმით უნდა დავიწყოთ, რომ სასწავლო პროგრამებში უნდა შევიდეს, რომ ბავშვმა ისწავლოს, რა დაცვითი მექანიზმები უნდა ჰქონდეს, რომელიმე კონკრეტულ სტიქიური მოვლენის დროს.
როგორც წესი, ახლა ჩვენ რაიმე რომ მოხდება პოსტ ფაქტუმ ვიწყებთ საუბარს, რა უნდა გავაკეთოთ. მობილიზება ვერ მოხდა წინასწარ მაგალითად შარშან გურიაში, ორი დღე მოდიოდა თოვლი და არავინ არაფერი გააკეთა. ეს უნარები უნდა ჰქონდეს როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პირს, ასევე თითოეულ მოქალაქეს.
შესაძლოა დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე, მაგრამ ზიანი იყოს გაცილებით დიდი, რადგან ადამიანი კარგავს ადგილს, სადაც ცხოვრობდა და მას აღარ შეუძლია თავისი ოჯახი შეინახოს. სახელმწიფოს არ აქვს გაწერილი, როგორ უნდა მართოს ეს პროცესი. კანონმდებლობაში პრობლემები გვაქვს. აჭარაში გვქონდა შემთხვევა, როცა მიიღო კომპენსაცია, არ გავიდა საცხოვრებლიდან და დაიღუპა იქ.
კლიმატმიგრანტების რაოდენობა გაიზრდება საქართველოში. ეს არიან ადამიანები, ვინც კლიმატური ცვლილებების შედეგად შესაძლოა, გავიდნენ საცხოვრებლიდან. აქ საუბარი არ არის მხოლოდ შიდა მიგრაციაზე, შესაძლოა გადაადგილება მოხდეს საზღვრებს გარეთ, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოწვეული იქნება ექსტრემალური სიტუაციით.
დაახლოებით 6 წლის წინ „ნასას“ მკვლევარმა გამოაქვეყნა სტატია და ასეთი რისკების ზონაში შეიყვანა სირია, ლიბანი და სხვა, და ახსნა, რომ ევროპის ქვეყნებისკენ დიდი მიგრაციის პროცესი დაიწყება, იმიტომ რომ, ცხოვრება 50 გრადუსზე რთულია, იქ ვერც მოსავალს მიიღებ და ვერც იცხოვრებ. ჩვენც გვაქვს ეს საფრთხე, სამხრეთიდან ეკომიგრანტების დიდი ნაკადი იქნება“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.














