საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა 2017 წლის თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო განათლების, მედიცინისა და სამხედრო პოლიციის კუთხით გამოცდილების გაზიარება ის ძირითადი მიმართულებებია, რაზეც საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროები მომავალ წელს ერთმანეთთან ითანამშრომლობენ.

საქართველოსა და სომხეთს შორის 2017 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა დღეს, საქართველოს თავდაცვის უწყებაში მოაწერეს.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სომეხ კოლეგას ვიგენ სარგსიანს ორდღიანი ვიზიტით მასპინძლობს. სომხეთის თავდაცვის მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნების შესრულების ფონზე გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც მინისტრები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.

დელეგაციებს შორის მინისტრების მონაწილეობით გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.

მინისტრებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე იმსჯელეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალ წელს ქვეყნებს შორის სამხედრო სფეროში ურთიერთობა კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების მიმართულებაზე. ლევან იზორიამ სტუმარს სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში წელს ზამთრისა და ზაფხულის სამთო კურსების გავლა შესთავაზა.

საუბარი შეეხო საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში ქართველი და სომეხი სამხედროების მონაწილეობას. „მოხარული ვარ, რომ ჩვენი სამხედროები ერთმანეთის მხარდამხარ ებრძვიან ტერორიზმს და მხარს უჭერენ მსოფლიო მშვიდობასა და სტაბილურობას“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა განცხადებები გააკეთეს და განხილული თემები შეაჯამეს.

იზორიას თქმით, საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებაა.

„ჩვენ ქვეყნებს ისტორიულად ძალიან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ორივემ ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ ეს მომავალშიც უნდა განმტკიცდეს და გაძლიერდეს. ჩვენი ქვეყნების ინტერესებშია რეგიონული უსაფრთხოება, მშვიდობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობის შესანარჩუნებლად. დღეს ხელი მოვაწერეთ თავდაცვის სფეროში მომავალი წლის თანამშრომლობის გეგმას. ის მოიცავს სხვადასხვა ასპექტს, მათ შორის საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობას. გვინდა, რომ ეს ურთიერთობები მომავალში უფრო გავაღრმავოთ და განვამტკიცოთ“, – განაცხადა ლევან იზორია.

საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის თავდაცვის მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასაც (DIB) ეწვევა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სომხეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ დისკუსიას გამართავს.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის დადგენილება №548 – ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგური : ვფიქრობ, ეკონომიკურმა გუნდმა ყველა კითხვას უპასუხა