საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი აღინიშნება

დღეს, 20 აპრილს, საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ცხადია, საქართველოს და საბერძნეთს ათასწლეულების განმავლობაში აკავშირებთ ცივილიზაციური ერთობა და სოლიდარობა. საბერძნეთი ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და თავისი საელჩო გახსნა თბილისში; ჩვენი ერთ-ერთი პირველი დიპლომატიური მისიაც სწორედ ათენში დაფუძნდა. უკვე მრავალი წელია, რაც ორი ქვეყნისა და ხალხის თანამშრომლობა გრძელდება.

საბერძნეთის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას და არაღიარების პოლიტიკას; საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს; საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას. აქტიურია საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები. ორივე ქვეყნის პარლამენტში ფუნქციონირებს მეგობრობის ჯგუფები. კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობები დინამიურია, ათენში საქართველოს საელჩოს და თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ხელშეწყობით, სისტემატურად იმართება კულტურული ღონისძიებები, საჯარო ლექციები, კონცერტები და გამოფენები. ითარგმნება და გამოიცემა ქართული ლიტერატურა ბერძნულ ენაზე. წარმატებულია თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროში. თესალონიკში მაკედონიის სახელმწიფო უნივერსიტეტში იწყება სტუდენტებისთვის ქართული ენის უფასო სწავლება. გაფორმებულია რამდენიმე მემორანდუმი საბერძნეთის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებთან. ათენის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ხორციელდება ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ამავე ინფორმაციით, საბერძნეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 50-მდე დიასპორული ორგანიზაცია, გაერთიანება და ჯგუფი. ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან გახსნილია საკვირაო სკოლები, ქართულ-ბერძნული კოლაბორაციის შედეგად, თესალონიკში ფუნქციონირებს ქართული საკვირაო სკოლა, შექმნილია ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები. ქართული დიასპორა აქტიურად მონაწილეობს საბერძნეთის კულტურულ, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა წარმატებით გამოცადა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“
შემდეგი სტატიაშეტევის მეორე სერია უკრაინაში რუსული გაგებით ნამდვილი ომი იქნება – პაატა ზაქარეიშვილი