საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრად ვინც მიიჩნევს თავს, დაჟინებით მოვუწოდებ, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში ხელი არ შეუწყონ – პაპუაშვილი

საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრად ვინც მიიჩნევს თავს, დაჟინებით მოვუწოდებ, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში ხელი არ შეუწყონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა ასევე მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს, არ დაარღვიოს კონსტიტუცია.

„პრეზიდენტის ყველა კეთილის მსურველს ვურჩევ, რომ მას ურჩიონ – არ გახსნას საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის პანდორის ყუთი. ეს ჩვენს ქვეყანას არ წაადგება და პირდაპირ წინააღმდეგობაში იქნება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებთან. ერთი კონსტიტუციური ორგანო სისტემატურად და განზრახ თუ დაიწყებს კონსტიტუციის დარღვევას, ეს იქნება პრეცედენტი, რომლის გადალახვაც ძალიან რთული იქნება, რადგან პრეცედენტებს აქვს ძალიან ცუდი თვისება. ერთხელ როცა დამკვიდრდება, შემდეგ შეიძლება, სხვასაც წაუცდეს ხელი, რომ დაარღვიოს კონსტიტუცია, თუკი განსაკუთრებით ასეთი მაღალი თანამდებობის პირისგან ხდება უპატივცემულობის გამოვლენა.

საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრად ვინც მიიჩნევს თავს, დაჟინებით მოვუწოდებ, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში ხელი არ შეუწყონ. სხვა ქვეყნებისგან ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემა გამოიხატება არა მხოლოდ და არა იმდენად ჩვენი ბუნების, კულტურის პატივისცემაში, არამედ უპირველეს ყოვლისა, საქართველოს სახელმწიფოსა და კონსტიტუციის მიმართ პატივისცემაში.

ჩვენს კულტურასა და ბუნებას ბევრი სცემს პატივს, მათ შორის ჩვენი არაკეთილმოსურნეებიც. პრობლემა მაშინ არის, როცა ჩვენს სახელმწიფოს და კულტურას პატივს არ სცემენ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ასეთი გამგზავრება თუ შედგება, მიმღები მხარე ქართველი ხალხისა და კონსტიტუციის მიმართ უპატივცემულობას გამოიჩენს, რაც არც მეგობრობასთან არის შესაბამისი და არც რაიმე სახის ღირებულებასთან. სალომე ზურაბიშვილს დაჟინებით მოვუწოდებ, არ დაარღვიოს კონსტიტუცია, რაც უკვე არის დადასტურებული ფაქტი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განცხადებით, 2024 წელს ქართველ ხალხს ექნება არჩევანი, ანტიქართულ კოალიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის.

არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობაზე გეგმები სადმე თუ იხარშება, ეს კიდევ ერთხელ კონსტიტუციის დარღვევაა. მას ის პოზიცია აქვს, რომელიც უნდა იყოს ზეპარტიული და ნაცვლად იმისა, რომ ამ სტატუსს გაუფრთხილდეს, უკვე ფაქტია, პირდაპირ გადაეშვა პოლიტიკაში და ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მფარველობის ქვეშ არის, რაც ჩვენ პარლამენტში ვიხილეთ. გარდა ამისა, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის პირდაპირ პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარებელია.

რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, მგონი, უკვე კარგად ჩანს ბევრი რამ. 2024 წელს ქართველ ხალხს ექნება არჩევანი, ერთი მხრივ, ანტიქართულ კოალიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის. გასაგებია, რა არჩევანს გააკეთებს ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა ეს არჩევანი ბევრჯერ გააკეთა და ამ არჩევანს გაიმეორებს. ანტიქართულ კოალიციას ქვეყანაში გასაქანი არასდროს არ აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმთავარია საქართველოში ვარ და აქტიურად ვაპირებ ქვეყნის გადარჩენის პროცესში აქტიურად ვიყო ჩართული – სააკაშვილი
შემდეგი სტატიაგამოფენა “ბენქსი: ლეგენდის დაბადება”, სტივ ლაზარიდისის კურატორობით, უკვე 5000-ზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა