საქართველოსა და ისრაელის თავდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველო და ისრაელი თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროს, განსაკუთრებით კი სამხედრო განათლების, რეზერვისა და სამობილიზაციო სისტემის მიმართულებებს ითვალისწინებს. სწორედ, ამ მიზნით, ლევან იზორიას თელავივში ოფიციალური ვაზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრებმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს.
ქართველ კოლეგას ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი მასპინძლობს. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართა. ლევან იზორიამ მასპინძელ მხარეს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები გააცნო. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც ქართული მხარე ისრაელისგან რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის, ასევე საშუალო განათლების დაწესებულებებში სამოქალაქო თავდაცვის სწავლების მეთოდების შესახებ გამოცდილებას გაიზიარებს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების შესწავლის ინსტიტუტშიც იმყოფებოდა. ვიზიტის დროს ასევე, იგეგმება შეხვედრა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან მეირ შაბათთან, ასევე იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მუზეუმის მონახულება.

banner
წინა სტატიაში“მათ სურვილი აქვთ, რომ პრეზიდენტზე ბოლომდე იძიონ შური“ -რომან გოცირიძე პრეზიდენტის და უმრავლესობის დებატებზე
შემდეგი სტატია“ახალი მემარჯვენეები” პრეზიდენტობის სასურველ კანდიდატად გიორგი მარგველაშვილს ასახელებენ