საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების მემორანდუმს ხელი მოეწერა

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების მემორანდუმს ხელი მოეწერა მთავრობის კანცელარიაში. დოკუმენტს ხელი საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა მოაწერეს.

ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს ექნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმებული.
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები შედგებოდა 3 რაუნდისაგან და დასრულდა 7 თვეში.

ხელმოწერის დასრულების შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა განაცხადა, რომ „დღევანდელი დღე ჩინეთისა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს და მოასწავებს იმას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ახალ სიმაღლეზე ადის. „ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან ტრადიციული მეგობრობა აკავშირებთ. მაშ შემდეგ, რაც 24 წლის წინ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები, ჩვენი ურთიერთპატივისცემა, თანასწორი დამოკიდებულება და ურთიერთნდობა დღითი დღე ღრმავდება, საქმიანი ურთიერთობები კი სულ უფრო გრანდიოზულ სახეს იღებს“- განაცხადა ჩინეთის კომერციის მინისტრმა.

„ორივე მთავრობის მიერ განხორციელებული ეფექტური სამუშაოს შედეგად, ჩვენ შევძელით და უმოკლეს დროში, 7 თვეში, დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩინეთის მხარეს მოლაპარაკებების მიმდინარეობისას გამოჩენილი კონსტრუქციულობისათვის, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა დღევანდელი შედეგი. ასევე, მინდა მადლიერება გამოვხატო ჩინური მხარის მიმართ მუდმივი მხარდაჭერისა და თანადგომისათვის,“ – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშიძლიერი ხანძარი თბილისში – მაჩაბელზე 6 სახანძრო მუშაობს
შემდეგი სტატიაჩინეთის კომერციის მინისტრი: საქართველოში ძალიან კარგი საინვესტიციო გარემოა