საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის, მაიკლ კარპენტერის შეხვედრაზე აღინიშნა.

მხარეების შეფასებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის სრულიად ახალ ჩარჩოს ქმნის მემორანდუმი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის თბილისში ვიზიტისას გაფორმდა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიმართულებით.

შეხვედრისას განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს წვლილი მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, რისთვისაც აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადა.

ყურადღება დაეთმო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად საკითხებს, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსაც.

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფისის წარმომადგენლები, ხოლო საქართველოს მხრიდან – თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქის სხვადასხვა ადგილებში 80 ათასამდე ხე დაირგო
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: თომას მელიას განცხადება არის მისი პირადი მოსაზრება