“საქართველოს უსაფრთხოების ნომერ პირველი გამოწვევა ოკუპაციაა”-გიორგი გახარია

საქართველოს უსაფრთხოების ნომერ პირველი გამოწვევა ოკუპაციაა და ის განსაკუთრებით კრიტიკული, მტკივნეულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინირებული მუშაობის კრიტიკულ მნიშვნელობას.

„ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ფუნქცია, განსაკუთრებით კოორდინაციის ნაწილში. დღეს ამ ქვეყნის უსაფრთხოება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სხვანაირად ვერ განვავითარებთ ვერც ეკონომიკას, ვერც ტურიზმს, ვერც განათლებას, ვერც კულტურას და საერთოდ, ქვეყნის ხვალინდელ დღეზე მსჯელობა იქნება საკმაოდ პირობითი. ამიტომ, უსაფრთხოების მიმართულებით კოორდინირებული მუშაობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად, ასევე, დაასახელა კიბერუსაფრთხოება.

„კიბერუსაფრთხოება, უაღრესად მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს რეგიონში და განსაკუთრებით იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენმა ქვეყანამ იგრძნო, როდესაც კიბერუსაფრთხოების ნაწილში სერიოზული გამოწვევა ჰქონდა ჩვენს სახელმწიფო უწყებებსაც და კერძო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელსაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიკახეთის ალპურ ზონაში ხანძარია
შემდეგი სტატია“საკონსტიტუციო ცვლილებებს თუ ჩააგდებენ, ეს იქნება მიზანმიმართული პროვოკაცია საზოგადოების წინააღმდეგ”