“საქართველოს უნივერსიტეტმა” საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

“საქართველოს უნივერსიტეტმა” მე-6 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციის ფარგლებში განიხილა ევროპული იდეა, მისი მომავალი და მასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევები.

კონფერენციას დაესწრო ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი. მიწვეულ სტუმრებს შორის კი იყვნენ ევროპარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური სფეროს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

“თანამედროვე სამყარო სწრაფად და მოულოდნელად იცვლება. ამიტომ, ევროპაც ცვლილებებსა და ადაპტაციას ნერგავს. სწორედ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თბილისში ვიკრიბებით ევროპის მომავლის გარშემო სამსჯელოდ. როგორც ყველასთვის ცნობილია, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღეს საქართველო გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. სწორედ ამიტომ, ქართველი მკვლევარებისა და მეცნიერების ხმა არსებითია იმ დებატებში, რომელიც ეხება იმას, თუ როგორ უნდა შეიცვალოს და ადაპტირდეს ევროპა ახალ საერთაშორისო კონტექსტში”, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.

ეკონომიკური კვლევის ცენტრის უფროსის, დიპლომატისა და მკვლევარის, გიგი გიგიაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება” ქვეყანას ართმევს ერთჯერად შანსს, რომ უახლოეს მომავალში, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

“მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს და იმედი მაქვს, მომავალშიც გვექნება შესაძლებლობა მსგავსი საკითხების განხილვისა, ვინაიდან, ავტორიტარიზმის ასეთი დამძიმების პირობებში, რასაც ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალ-ყურს, მისასალმებელია, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა თავისუფლად ვისაუბროთ საქართველოს დასავლურ, ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე”, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.

თავდაცვის კვლევების პროფესორის, მაიკლ კლარკის თქმით, საქართველოს, პოლიტიკურ ჭრილში, ახლა საკმაოდ მგრძნობიარე მდგომარეობა აქვს.

“დღესდღეობით ევროპელი უსაფრთხოების ხელმძღვანელებისთვის მთავარი გამოწვევაა მრავალფეროვანი პრობლემების დაბალანსება. იმედი მაქვს, ეს კონფერენცია ხელს შეუწყობს იმას, რომ მათ არ დაავიწყდეთ საქართველო. როგორც ნაწილი იმ ახალი უსაფრთხოების არქიტექტურისა, რომელიც უნდა შეიქმნას ევროპაში და მჯერა, რომ საქართველო ამ დისკუსიის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს”, – განმარტა მაიკლ კლარკმა.

კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა ასევე საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, კოკა თოფურიამ:

კონფერენცია ეხება იმ პოლიტიკურ ცვლილებებს, რაც დღეს ჩვენს ირგვლივ ხდება. ასევე, საუბარია ევროპის როლზე, საქართველოს ადგილზე მომავალში და ა.შ. აქ, მოწვეული არიან როგორც მოქმედი პოლიტიკოსები, ისე ცნობილი მკვლევარები. საკმაოდ საინტერესო კონფერენციაა”, – აღნიშნა კოკა თოფურიამ.

საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევითი ცენტრი (UGSPN) საერთაშორისო კონფერენციას ყოვეწლიურად მასპინძლობს. კონფერენცია გლობალურ და ლოკალურ დონეზე მიმდინარე აქტუალურ საკითხებს ეძღვნება და აერთიანებს მეცნიერებს, პრაქტიკოსებს და პოლიტიკოსებს უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კრიტიკული საკითხების განსახილველად.

საქართველოს უნივერსიტეტი (UG) ყველაზე რეიტინგული კერძო უნივერსიტეტია საქართველოში, რომელმაც რეპუტაცია აკადემიური წარმატებისა და საერთაშორისო სტანდარტებისადმი ერთგულებით მოიპოვა. მისი მისიაა განათლებისა და კვლევისადმი ინოვაციური, დინამიური და გლობალური მიდგომის ხელშეწყობა. საქართველოს უნივერსიტეტის ძირითადი ღირებულებებია თავისუფლება, ჰუმანურობა და სრულყოფილება. აღნიშნული ღირებულებების გათვალისწინებით, საქართველოს უნივერსიტეტი ცდილობს დადებითი გავლენა მოახდინოს აკადემიურ სფეროზე, ადგილობრივ საზოგადოებასა და მსოფლიოში ქვეყნის რეპუტაციული გავლენის ზრდაზე.

 

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – ევროკავშირმა უნდა თქვას: „გთავაზობთ ან გზაზე დაბრუნებას, რომლის გაყოლაც ქართველ ხალხს ყოველთვის უნდოდა და ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, ან რუსულ გზაზე სიარულს აგრძელებთ“
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი – ორი თვის წინ ირანს 60-დღიანი ულტიმატუმი წავუყენე „შეთანხმების დასადებად“, დღეს 61-ე დღეა, ვუთხარი, რა უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ვერ მიაღწიეს, ახლა, შესაძლოა, მეორე შანსი აქვთ