საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და სტრატეგიული კომუნიკაციის პროგრამების სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო პროექტში NextGen Voices, რომელიც 24 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, ხორვატიაში, ზაგრების უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
პროექტი მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის პროფესიული გამოცდილებისა და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად. პროექტის მიხედვით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ მულტიმედიური შინაარსის შექმნას.
ქართველმა სტუდენტებმა ზაგრებში წარადგინეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე შექმნილი პილოტური ვიდეო, რომელიც ეხებოდა ახალგაზრდების ჩართულობას დემოკრატიზაციის პროცესში. ნამუშევარი ასახავდა ახალგაზრდების როლს თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მათ აქტიურ სამოქალაქო ჩართულობაში ეხმარება. აღნიშნულმა ვიდეომ დიდი ინტერესი და დადებითი გამოხმაურება გამოიწვია როგორც მონაწილეებში, ასევე საერთაშორისო მენტორებს შორის და წარმოაჩინა საქართველოს სტუდენტების კრეატიულობა და პროფესიონალიზმი.