,,საქართველოს უკიდურესად დააზარალებს, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტება”

არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ მაგალითად სალომე ზურაბიშვილი არის მოღალატე, მე მიმაჩნია, რომ ის არის შეუფერებელი საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობისთვის, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და სალომე ზურაბიშვილის საგარეო კურსთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყოს.

„არ შეიძლება ასეთი ადამიანი იყოს ქვეყნის პრეზიდენტი. არა იმიტომ, რომ შეგნებულად რუსეთის საქმეს აკეთებს საქართველოში, არამედ იმიტომ, რომ მას არასწორად ესმის ქართული საქმის კეთება რუსეთთან მიმართებაში. ის ვერ ასხვავებს სახელმწიფო ინტერესებს საგარეო ურთიერთობაში და შიდა პოლიტიკურ წინააღმდეგობას ქვეყნის წინა ხელისუფლებასთან, თუ სხვა პოლიტიკურ ძალებთან“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს არ ესმის სწორად ქვეყნის ინტერესების დაცვა ოკუპანტ სახელმწიფოსთან მიმართებაში.

„ეს არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ ის ოკუპანტის აგენტია საქართველოში. ეს ასე არ არის, ამის არ მჯერა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ოკუპანტის აგენტის მეშვეობით თუ არასწორი პოლიტიკის პრეზიდენტის მეშვეობით, ქვეყანა დაზარალდება. თუ სალომე ზურაბიშვილი გახდება პრეზიდენტი ან ვაშაძე გახდება პრეზიდენტი, ორივე შემთხვევა ქვეყანას უკიდურესად დააზარალებს, რადგან კანდიდატი ვაშაძე არის სააკაშვილის წარმომადგენელი და ამ ქვეყანაში სააკაშვილის ჩამოყვანას, კანდიდატი ზურაბიშვილი კი, ბიძინა ივანიშვილის არსებული ხელისუფლების გახანგრძლივებას აპირებს. ჩემი აზრით, არც ერთი და არც მეორე არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში“, – განაცხადა მან.

დავით უსუფაშვილი ამომრჩევლებს დღეს ზუგდიდში შეხვდა. მან საკუთარ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი გზავნილია -„უნდა დასრულდეს ქვეყანაში სახელმწიფოებრიობანას თამაში, ოცნება – გასაშვებია, ნაცმოძრაობა – არმოსაშვები“. უსუფაშვილის თქმით, პრეზიდენტმა ყველა დაპირისპირებული მხარე უნდა გააერთიანოს.

banner
წინა სტატიაშიხმა მიეცით ნიკოლოზ ბასილაშვილს
შემდეგი სტატიაცალკეული ადამიანების პირად ინტერესებზე არის დამოკიდებული, კონკრეტულ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს გაეზრდება თუ არა ხელფასი