საქართველოს წინააღმდეგ კრემლის ღია აგრესია 27 წლის წინ, 14 აგვისტოს, აფხაზეთიდან დაიწყო!

region
ავტ.: region აგვისტო 14, 2019 11:25

საქართველოს წინააღმდეგ კრემლის ღია აგრესია 27 წლის წინ, 14 აგვისტოს, აფხაზეთიდან დაიწყო!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აფხაზეთში ომის დაწყების თარიღს ეხმიანება. განცხადებას “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

,,საქართველოს წინააღმდეგ კრემლის ღია აგრესია 27 წლის წინ, 14 აგვისტოს, აფხაზეთიდან დაიწყო!
საკუთარი გეოპოლიტიკური მდებარეობის, თავისუფლებისადმი ქართველი ერის განსაკუთრებული ლტოლვის, ეროვნული თვითმყოფადობისა და მრავალსაუკუნოვანი კულტურული ისტორიის გამო, საქართველო ოდითგან წარმოადგენდა დიდი იმპერიების, მათ შორის რუსეთის მძაფრი ინტერესების სფეროს. მწარე რეალობაა ისიც, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, კრემლის ღია აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ 27 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს სწორედ აფხაზეთიდან დაიწყო!

1992 წლის 14 აგვისტო არის აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების ის ტრაგიკული თარიღი, რომელსაც მტერმა საბაბად დაუდო საკუთარ ტერიტორიაზე საკუთარი საჯარისო ნაწილის კანონიერი, თუმცა ბოლომდე გაუაზრებელი გადაადგილება. ომმა აფხაზეთში მოიტანა მხოლოდ ნგრევა ამ სიტყვის ფართო მასშტაბით. მასში გამარჯვებული კი ქართველებისა და აფხაზების საერთო მტერია, რომელიც ვერაგული მეთოდებით დღემდე აგრძელებს ჩვენი საბოლოო გათიშვისა და აფხაზეთის ანექსიის დანაშაულებრივ პოლიტიკას.

27 წლის შემდეგ, დღეს მაინც, ყველანი – იმდროინდელი თუ დღევანდელი პოზიცია-ოპოზიცია, ყველა – ვისაც მწარედ გვტკივა ოკუპირებული ტერიტორიები, ვინც ქვეყნის ნომერ პირველ პრიორიტეტად მივიჩნევთ ჩვენი სამშობლოს გაერთიანებას და საკუთარი მიწა-წყლიდან რუსული იარაღის ძალით გამოდევნილი ადამიანების – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მკვიდრთა უკან დაბრუნების აუცილებლობას,- უნდა შევთანხმდეთ, რომ პირადი თუ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების დასაკმაყოფილებლად ახალი შეცდომების დაშვების უფლება უკვე ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ეს საბოლოოდ გამოუსწორებელ დაღს დაასვამს ჩვენი ქვეყნის მომავალს.

შევთანხმდეთ იმაზეც, რომ საქართველოს არც ერთი პატრიოტი, პოზიციისა თუ ოპოზიციის წარმომადგენელი, სადაც არ უნდა იყოს ის – სამშობლოში თუ ემიგრაციაში, არასამთავრობო თუ სახელმწიფო სტრუქტურაში, თუნდაც დროებით უმუშევარი, რომელ სოციალურ ფენასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს, რასაკვირველია, კარგად აცნობიერებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის, მოქალაქეობრივი ღირსებისა და თავისუფლების დათმობის ფასად კეთილდღეობის მოპოვება იქნება ჩვენი სამშობლოს მრავალსაუკუნოვანი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ღალატი და ამ გზით შენარჩუნებულ მშვიდობას ფასი აღარ ექნება. ეს სულაც არ ნიშნავს ომისკენ მოწოდებას; პირიქით, როგორც არასდროს, დღეს ვალდებული ვართ, ყველაფერი ვიღონოთ, ბოლომდე დავიხარჯოთ იმისათვის, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ, როგორც საქართველოს კონტროლირებად, ისე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ჩვენს ტერიტორიებზე საომარი მოქმედებების განახლება! კარგად გავიაზროთ და გავითვალისწინოთ, მუდმივად გვახსოვდეს, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება დღეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, მომავალი თაობებისათვის ურთულესი, მაგრამ უმთავრესი სასიცოცხლო პირობაა!

დღეს, 14 აგვისტოს – აფხაზეთში ომის დაწყების დღეს, უპირველესად მივმართავთ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილ, შეჭირვებულ ჩვენს თანამემამულეებს, რომელთა რთული მდგომარეობა არ არის მხოლოდ და მხოლოდ საყოფაცხოვრებო პირობების სიდუხჭირით გამოწვეული. მათი სულიერი და ფსიქოლოგიური შეჭირვება საკუთარი სახლის, საკუთარი მიწის, საკუთარი ოჯახის წევრების საფლავებთან, ბუნებრივ გარემოში ყოფნის აკრძალვის მძიმე და დაუძლეველი ემოციის შედეგია! მადლობა მათ სულგრძელობისთვის, მრავალმხრივ სტრესთან ღირსეულად გამკლავებისთვის, სამართლიანი გულისწყრომისთვის, მოთმინებისა და გაძლებისათვის, რასაც საფუძვლად ჯერ ჩაუმქრალი იმედი და რწმენა კვებავს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლება, უმაღლესი საბჭო, მისი ხელმძღვანელობა, რომელიც ასევე არის დევნილი, რომელსაც იარაღის ძალით აქვს წართმეული კანონიერი უფლება – განახორციელოს სადეპუტატო საქმიანობა იქ, იმ ტერიტორიაზე, რომლის მოსახლეობის ნებითაც მიენიჭა აღნიშნული სტატუსით მოღვაწეობის უფლებამოსილება, ამ არაორდინარულ მდგომარებაში საკუთარ ვალდებულებად თვლის სახელმწიფო ინტერესების დაცვით, უპირველესად იბრძოლოს დევნილ თანამემამულეთა კანონიერი უფლებების დასაცავად, სამშვიდობო პროცესის გასააქტიურებლად, დევნილთა საყოფაცხოვრებო, სოციალურ-ეკონომიკური და ჯანდაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; აფხაზურ საზოგადოებასთან შერიგება, ნდობის აღდგენა-უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება მზად არის იმუშაოს 24 საათიანი რეჟიმით, მიიღოს და განიხილოს აფხაზეთთან დაკავშირებული ყველა წინადადება, ყველა ხედვა. უმაღლესი საბჭო მიიჩნევს, რომ დადგა დრო, როცა აუცილებელია ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად უფრო აქტიურად ჩართვა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ყველა პროექტში, რათა არ გააწბილოს საკუთარ თანამემამულეთა იმედი და რწმენა, ხელი შეუწყოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანის, აფხაზეთში ჩვენი დაბრუნების, ჩვენი სამშობლოს გაერთიანების პროცესის დაჩქარებას.”-ნათქვამია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში

region
ავტ.: region აგვისტო 14, 2019 11:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics