საქართველოს თავმჯდომარეობით, კიევში სუამის სამიტი გაიხსნა

კიევში სუამის სამიტი გაიხსნა, რომელიც საქართველოს თავმჯდომარეობით ტარდება და მას სუამის წევრი სახელმწიფოების მთავრობებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ვიცე პრემიერი ესწრებიან. კახი კალაძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინა-საქართველოს შორის ურთიერთობა.

„ძალიან მნიშვნელოვან როლს ვანიჭებ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას, არა ერთხელ მითქვამს, რომ აზერბაიჯანი, მაგალითად, არის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, მნიშვნელოვანი ურთიერთობები გვაკავშირებს ამ ქვეყანასთან, მნიშვნელოვანია უკრაინა, ჩვენს ქვეყნებს შორის, ხალხს შორის ურთიერთობები. ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი შესაძლებლობები გააჩნია ამ ორ ქვეყანას, კიდევ უფრო გააღრმავოს ურთიერთობები,“- განაცხადა კახი კალაძემ.

სხდომის ფარგლებში დაგეგმილია დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია. სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურები, სხდომის შემდეგ, პრესკონფერენციას გამართავენ.

სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესფორუმში, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართება.

ქართული მხრიდან ფორუმზე 20-მდე კომპანია იქნება წარმოდგენილი. მათ შორის ტრასპორტის, მსუბუქი მრეწველობის, სამშენებლო, სადისტრიბუციო და ფარმაცევტიკის სფეროს წარმომადგენლები. ღონისძიების პირველი პანელის ფარგლებში მონაწილეები სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის პერსპექტივებს განიხილავენ, მეორე პანელზე კი საუბარი სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის შესახებ იქნება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ გროისმანი უმასპინძლებენ.

საქართველოს მთავრობის მეთაური, უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. გიორგი კვირიკაშვილი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებს, ვლადიმირ გროისმანს და პაველ ფილიპს შეხვდება.

banner
წინა სტატიაში“ეს არის ქართული საზოგადოების მონაპოვარი” – ხოშტარია უვიზო მიმოსვლაზე
შემდეგი სტატიამოსკოვში მომიტინგების რეკორდული რაოდენობა დააკავეს