საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაცია განხორციელდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უწყების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ლევან იზორიამ პრიორიტეტებსა და მიზნებზე ისაუბრა და მათ საკუთარი მოადგილეებიც წარუდგინა.

მინისტრის განცხადებით, უწყებაში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა წესრიგს, დისციპლინასა და რეფორმას. ნაკლები დანახარჯებით მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად კი, რეორგანიზაცია განხორციელდება და ოპტიმიზაციის დროს უპირატესობა მაღალკვალიფიციურ კადრებს მიენიჭება.

ლევან იზორიამ თანამშრომლებთან თავდაცვის სამინისტროს ახალი სტრატეგიის მომზადების საკითხზეც ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზე გაამახვილა.

„ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელს შევხვდი. მთავარი გზავნილი, რომელიც მათ მივაწოდე, არის ის, რომ ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ერთი დიდი ოჯახის წარმომადგენლები, ოჯახისა, რომელიც ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოებას, მისი თავდაცვისუნარიანობის გაზრდას. შესაბამისად, ატმოსფერო უნდა იყოს, სწორედ, მეგობრული, პატივისცემის, ურთიერთგაგების. ერთად უნდა შევიმუშაოთ იმ რეფორმების და მომავალი სტრატეგიის გეგმები, რომელიც ჩვენს უწყებას უფრო თავსებადს გახდის ნატოს სტანდარტებთან. დღეს მქონდა შესაძლებლობა, უცხოელი კოლეგებისთვის გამეზიარებინა გეგმები. მაქსიმალურად დიდი მზაობაა, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენს პროფესიონალ ჯარისკაცებთან ერთად შემუშავდეს ახალი სტრატეგია. ჩვენს საზოგადოებას, თითოეულ ჯარისკაცს გავაცნობთ ამ სტრატეგიას. მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩვენთვის ნატოში ინტეგრაციის პროცესი იყოს საკუთარი ეროვნული თვითრეალიზების პროცესი, რომელშიც თითოეული ჯარისკაცია ჩართული, გააზრებული აქვს მისია, მიზნები და ახორციელებს საკუთარი შესაძლებლობების თვითრეალიზებას“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრის გზავნილებს დადებითად აფასებს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

„კარგია, რომ პირველივე შეხვედრაზე ითქვა ის მიმართულებები და მიზნები, რომელიც უნდა დავისახოთ შემდგომ საქმიანობაში. ასევე მისასალმებელია მინისტრის მიდგომა ერთიანი ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით. ეს აუცილებელია თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალ მინისტრთან ერთად საკმაოდ დიდ წარმატებებს მივაღწევთ“,- აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძე.

თავდაცვის მინისტრი დეპარტამენტების ცალკეულ ხელმძღვანელებთან შეხვედრებს ახლო მომავალში კვლავ გეგმავს.

banner
წინა სტატიაშილოთი ქობალია მეორედ დაუძვრა მართლმსაჯულებას – ვინ „კრიშავს“ „სარდალს“?!!
შემდეგი სტატიაკლინტ ისტვუდი დონალდ ტრამპის “რასიზმზე” საუბრობს