საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტების თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვა გრძელდება

საქართველოს პარლამენტში თავდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ანგარიშის წარდგენისას, თავდაცვის მინისტრმა ნატოსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება M-4 ტიპის შაშხანებით თავდაცვის ძალების სრულად უზრუნველყოფაზე გაამახვილა. მინისტრმა 2020 წელს განხორციელებულ შესყიდვაზე ისაუბრა და განაცხადა: „შესყიდვა განხორციელდა 2006-07 წლებში ერაყში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობისთვის საქართველოს მთავრობისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი აუთვისებელი თანხებიდან, რომელიც 22 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ეს მაგალითი მკაფიოდ მიუთითებს ჩვენი გუნდის ეფექტურობას“.
„მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტების სხვა თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გრძელდება სამანევრო ბრიგადების აღჭურვა სხვადასხვა შეიარაღებით უცხოური დაფინანსების ფარგლებში, ასევე მიმდინარეობს თანამედროვე კავშირგაბმულობის სისტემებით ქვედანაყოფების აღჭურვა.
მინისტრმა ნატოს სტანდარტების ავტომატური G4 ტიპის შაშხანების წარმოების პროცესის დაწყებაც გააჟღერა. „ამ ეტაპზე საწარმო მუშაობს სატესტო რეჟიმში და მიმდინარეობს უკვე დამზადებული 5 ერთეული ნიმუშის ტესტირება სხვადასხვა მეთოდით. იარაღების გამოცდის შემდეგ საწარმო დაიწყებს სრულყოფილ ფუნქციონირებას, რაც საშუალებას მოგვცემს ვაწარმოოთ წელიწადში რამდენიმე ათასი G4 ტიპის შაშხანა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და დასძინა, რომ საწარმო მნიშვნელოვნად გადაწყვეტს აღნიშნული შეიარაღებით ქართული ჯარის მომარაგების პროცესს.

banner
წინა სტატიაში„მოდერნიზებული ქართული ავიაცია საქართველოს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის“ – ჯუანშერ ბურჭულაძე
შემდეგი სტატია„ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია”- ჯუანშერ ბურჭულაძე