“საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. გრძელდება ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის პროცესი”

საქართველოს პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, აგრეთვე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა, ეროვნული და გლობალური სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფას ემსახურება- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯოდმარემ ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. ირაკლი კობახიძემ ქვეყნის გამოწვევებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

“საქართველო, ისევე, როგორც მთლიანად თანამედროვე ცივილიზებული სამყარო, დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. თითოეული ჩვენგანის ვალია, გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სტაბილურობას და უსაფრთხოებას როგორც ეროვნული, ისე გლობალური მასშტაბით. საქართველოს ისტორიულად, საუკუნეების მანძილზე, მუდმივად უწევდა ბრძოლა და შრომა მშვიდობისთვის, დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. სამწუხაროდ, ეს გამოწვევები აქტუალურია საქართველოს დღევანდელობისთვისაც. საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. გრძელდება ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის პროცესი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავაც უხეშად ილახება საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისა და დების ფუნდამენტური უფლებები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. ”ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა საერთაშორისო თანამშრომლობა, სამხედრო აღმშენებლობა და თავდაცვის სისტემის ინსტიტუციური განვითარება და თავდაცვის სისტემის სათანადო სამართლებრივი უზრუნველყოფა”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მნიშვნელოვან რეგიონალურ ფორმატად იქცა
შემდეგი სტატია“90-იანი წლებიდან რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას, სჯიდა იმ კონფლიქტებითა და დაპირისპირებით, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დააზიანა”