საქართველოს შვიდი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა

20-22 მარტს საქართველოს ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და ვიცესპიკერები ეწვევიან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებს და ვიცესპიკერებს 21 მარტს, 09:30 საათზე შეხვდება. ამავე დღეს, 13:15 საათზე, ირაკლი კობახიძე და მისი კოლეგები პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებთან და ფრაქციების წარმომადგენლებთან.

ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და ვიცესპიკერები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძესთან.
დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.
ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტების თავმჯდომარეები ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს გორში, მისიის ოფისში შეხვდებიან. სტუმრები სოფლებში – ნადარბაზევსა და ხურვალეთში გაემგზავრებიან და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნობიან.
ასევე, დაგეგმილია შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
საქართველოს დანიის პარლამენტის (ფოლკეტინგი) თავმჯდომარე პია კარსგაარდი, ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუ) თავმჯდომარე ეიკი ნესტორი, ლატვიის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე, ლიტვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისი, ნორვეგიის პარლამენტის (სტორტინგი) თავმჯდომარე ოლემიკ ტომესენი, ასევე, ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არტო სატონენი და ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სტეინგრიმურ სიგფუსონი ეწვევიან. შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარტინა ქვიქი წარმოადგენს.

ნორდიკულ-ბალტიური რვიანი (NB8) არის რეგიონული თანამშრომლობის არაფორმალური ფორმატი ბალტიისა (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) და ნორდიკულ ქვეყნებს (შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია, ისლანდია, დანია) შორის. NB8 პოლიტიკური დიალოგის და პრაქტიკული თანამშრომლობის ინსტრუმენტს წარმოადგენს.

2016 წელს NB8 ფორმატის თავმჯდომარე ქვეყანა ლატვიის რესპუბლიკა იყო. 2017 წელს ფორმატის თავმჯდომარეობა ნორვეგიამ გადაიბარა, რომელიც ყურადღებას ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე, ევროპის მომავალზე, რუსეთზე, გაერო-ს თემებზე და ტერორიზმზე გაამახვილებს.
საქართველო დაინტერესებულია, ფორმატის ფარგლებში, თანამშრომლობის განვითარებით სხვადასხვა – მათ შორის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით. 2016 წლის განმავლობაში ქართული მხარე, სხვადასხვა დონეზე, მზაობას გამოთქვამდა ფორმატში ჩართულობისა და ღონისძიებების საქართველოში მასპინძლობის შესახებ.
ლატვიის თავმჯდომარეობის პერიოდში, ლატვიის სეიმის სპიკერის აქტიური ჩართულობთ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 2017 წლის მარტში ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტის შესახებ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიადვოკატები წარმოადგენენ ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც საქმეს თავდაყირა დააყენებს- კილაძე
შემდეგი სტატიასუს-ის უფროსი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა