არსად წერია და არავის უთქვამს, რომ სასამართლოში არსებობს პოლიტიკური მიკერძოება ან არ არსებობს ნეიტრალური პოზიცია. საქართველოს სასამართლო სისტემა მოწინავე პოზიციებზეა სტატისტიკით და სხვა შეფასებებით, უსწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ბევრ ქვეყანას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებებზე ვენეციის კომისიის მოსაზრებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, გია ვოლსკის კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფსებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრებას, სადაც აღნიშნულია, რომ რეფორმის პროცესი უნდა იყოს საფუძვლიანი, ინკლუზიური, ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობით.
„უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი რეფორმაა გაკეთებული. ამ ეტაპზე, ჩემთვის უცნობია, რას გულისხმობს ვენეციის კომისია, მაგრამ თუ გულისხმობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების მიღება 2/3-ით უნდა მოხდეს, პირადად მე ვაცხადებ, რომ ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების ვერმიღების ფორმულა. რაც შეეხება ჩართულობას, ოპოზიციას დესტაბილიზაციის ამოცანა აქვს და რასაკვირველია, მათი ინტერესი არ არის ინკლუზიური პროცესის განხორციელება, რადგან მათთვის აქტუალურია დეპოლარიზიცია და ამას ვერ დათმობენ. მათ დეპოლარიზაციას დესტაბილიზაცია უნდა მოჰყვეს. მათთვის მთავარი ეს არის. 2/3 არის ჩიხში შემყვანი ფორმულა, ამიტომ მგონია, რომ ეს ფორმულა არ იმუშავებს. ჩვენ გვინდა, ქმედითი სასამართლო სისტემა და არა ჩიხში შემყვანი ფორმულირებები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.