,,საქართველოს საპატრიარქო არის დეფაქტო საეგზარქოსო რუსეთის ეკლესიისა”

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინის ავტოკეფალიის აღდგენის პროცესს ეხმიანება და მოვლენების განვითარების მისეულ ხედვას ვრცლად აყალიბებს:

,,მოცემული ტენდენცია ამგვარია:
1) სხვადასხვა ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიები თანდათან იწყებენ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის აღიარებას და მათთან ევქარისტიულ კავშირში შესვლას. სულ მალე კვიპროსისა და იერუსალიმის ეკლესიები აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოფიციალურად დაადასტურებენ;

2) საქართველოს საპატრიარქო ადმინისტრაციის სამდივნო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ინფორმაციული ომი (ფეიქ ნიუსების ტირაჟირება და კრემლის მეხოტბე “ავტორიტეტების” განცხადებები) და აგიტაცია-პროპაგანდა აწარმოოს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანესა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის წინააღმდეგ.

3) თუკი დეკანოზ დავით ისაკაძეს (რომელიც გმობს ყოვლადუწმინდეს ბართლომეოსსა და ყველა იმ ქართველ ეპისკოპოსს, რომელმაც მხარი დაუჭირა უკრაინის ავტოკეფალიას და თითოეულ მათგანს განსჯით ემუქრება) პასუხს არ მოსთხოვს მცხეთა-თბილისის ეპარქიის ადმინისტრაცია, ამ შემთხვევაში, როგორც მინიმუმ ქორეპისკოპოსთა კოლეგია, ავტომატურად შეგვიძლია ამოვიცნოთ მის უკან მდგომი ძალა, ვინც მკრეხელობს, იზოლაციონიზმსა და სლავურ სქიზმის ტრენდს აქეზებს, რუსულ ნარატივს ამკვიდრებს და საზოგადოების დეზორიენტირებასა და მათში კონფლიქტის ინსპირირებას ცდილობს! შესაბამისად, პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად თავად ამ მავნებლური განცხადების ავტორსა და მის მღვდელმთავარს ეკისრება;

4) მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს, რომელიც გარდა იმისა, რომ უაღრესად განათლებული პიროვნებაა, ამავდროულად პროფესიით კანონოლოგიც, ამჯერად ვეღარ გამოედავებიან კანონიკურ ჭრილში (რადგან ამ თვალსაზრისით უკვე დამარცხდნენ მისი ოპონენტები) და ამიერიდან მის წინააღმდეგ ახალ მადისკრედიტირებელ ტალღას ააზვირთებენ. ამ ოპერაციას პირობითად შესაძლოა დაერქვას – “ერეტიკოსი, მწვალებელი და ეკუმენისტი ბართლომეოსი”, რასაც უკვე პირდაპირ აწარმოებს საქართველოს საპატრიარქოსგან და მოსაყდრე შიოსგან ლობირებული “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი”, ხოლო იგივეს ირიბად კადრულობენ სამდივნოს წევრები და სხვა კონფორმისტი ქვებუდანები სოციალურ ქსელში.

5)შექმნილი კონიუქტურიდან გამომდინარე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ვლადიკავკაზში დაბადებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II- ის სიცოცხლეში საქართველოს ეკლესია არცერთ შემთხვევაში არ შევა ევქარისტიულ ერთობაში უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიასთან, რასაც მავანნი, კრემლის ემისარნი თუ გულწრფელად რუსოფილნი “დიდ სიბრძნედ, ღვთისნიერებად და სულიერებად” წარმოაჩენენ, ხოლო დიდის გავეშებით განდევნიან და ისტეროიდად შერაცხავენ ყველა იმ პირს, რომელსაც (თუნდაც უამრავი ისტორიული, კანონიკური, მორალური და პოლიტიკური არგუმენტი ჰქონდეს) სისტემისგან განსხვავებული აზრი აქვს აღნიშნულ საკითხზე.

6)ამჯერად, რაც არ უნდა მძიმედ და ტრაგიკულად ჯღერდეს, საქართველოს ეკლესია (რომლის კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულსაც – “ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი” უტიფრად არ სცნობს რუსეთის ეკლ. საპატრიარქო) არის აბსოლუტურ უნისონში მოსკოვთან, რითაც იგი უზარმაზარ საფრთხეს უქადის მისავე წიაღში შევრდომილი ადგილობრივი მრევლის მომავლის პერსპექტივას!

დასკვნა: საქართველოს საპატრიარქო არის დეფაქტო საეგზარქოსო რუსეთის ეკლესიისა! ეს არის სავალალო ფაქტი და თავსატეხი მომავალი თაობისა!”- აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში გიორგი ტიგინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმარუდო ოპოზიციას მასთან დიალოგისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიანატო-რუსეთის შეხვედრაზე მათი დაახლოვება არ გამოვიდა