საქართველოს სახალხო დამცველმა აგვისტოს ომის შედეგები შეაჯამა

სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებზე განცხადება გაავრცელა: “მძიმეა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაც, რომელთაც კვლავ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა”.
სახალხო დამცველმა მოუწოდა კონფლიქტის ყველა მხარესა და ამ საზოგადოებების წარმომადგენლებს, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის საკითხების წამოწევას.

“2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 9 წელი გავიდა, თუმცა მის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი, ისე გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა. მძიმეა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაც, რომელთაც კვლავ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა.

გამყოფ ხაზზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები და ბორდერიზაციით გამოწვეული საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

“გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მკვიდრ გ.ხ.-ს სულ ერთი თვის წინ შეეზღუდა საკუთრებით სარგებლობის უფლება. ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლება, რომელიც დე ფაქტო ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ დააანონსა, საარსებო წყაროებზე – საკუთარ მიწებსა თუ საძოვრებზე წვდომას უზღუდავს გამყოფი ხაზის მოსახლეობას. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი სოფელ არცევისა და იკორთის მკვიდრნი კი ომიდან 9 წლის შემდეგაც სრულ იზოლაციაში არიან. 2012 წელს გამშვები პუნქტის დახურვის შემდეგ ადგილობრივები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოდიან, თუმცა ვერც ცხინვალის მიმართულებით ვერ გადაადგილდებიან ე.წ. სამხრეთ ოსური პასპორტების უქონლობის გამო.

მსგავს მდგომარეობაში ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები სხვა მრავალი პირია, რომლებიც შესაბამისი საბუთების არქონის გამო ვერ ახერხებენ გადაადგილებას გამყოფ ხაზზე. შედეგად, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გარდა, ხშირად ადგილი აქვს ამ პირთა განათლების, ჯანმრთელობის და სხვა უფლებების შელახვას. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია მწვავე ჰუმანიტარული საკითხები პოლიტიზების გარეშე გადაწყდეს და ადამიანის უფლებათა მიდგომის საფუძველზე გამოინახოს გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან”, – აღნიშნავს ომბუდსმენი.

“კვლავ გრძელდება უკანონო დაკავებები, რაც ადგილობრივებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მძიმე მდგომარეობაში აყენებს. განსაკუთრებულ შეშფოთებას კი ბოლო წლის განმავლობაში გახშირებული გრძელვადიანი დაკავებები იწვევს. 2016 წელს უკანონოდ დაკავებულ გ.გ.-ს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიმდინარე წლიდან აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაზარდა სანქციები გამყოფ ხაზზე დაკავებული პირების მიმართ. 2017 წლის 5 აპრილს აფხაზეთის გამყოფ ხაზზე დაკავებულ მამა-შვილს ე.წ. „საზღვრის“ უკანონო გადაკვეთის და ე.წ. „მესაზღვრისთვის“ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლომ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაკავებების მანკიერი პრაქტიკა უარყოფითად მოქმედებს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე და, ასევე, ჩრდილს აყენებს 2016 წლის გაზაფხულზე მიღწეულ შეთანხმებას პატიმართა გათავისუფლების თაობაზე.

შემაშფოთებელია, რომ მოუგვარებელი კონფლიქტების შემადგენელი ნაწილი გახდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ქართველი მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაცია. მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის ახალი სასწავლო წლიდან ოკუპირებულ ახალგორში ქართულენოვან სკოლებში სწავლების ენის რუსული და ოსურით ჩანაცვლება იგეგმება. ანალოგიური პროცესი აფხაზეთში 1995 წელს დაიწყო და არსებული პოლიტიკის გამო, მომდევნო 5 წელიწადში სრულად განიდევნება ქართული ენა ქართველებით დასახლებულ გალის რაიონის სკოლამდელი, საბაზისო და საშუალო განათლების პროცესიდან. ეს პოლიტიკა სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უფლების განხორციელების მხრივ. საქართველოს სახალხო დამცველმა გალის რაიონის სკოლებში სწავლების რუსულ ენაზე გადაყვანა განათლების უფლებისა დარღვევად და ეთნიკურ დისკრიმინაციად შეაფასა. სავარაუდოა, რომ დე ფაქტო ცხინვალის მხრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულება ხელს შეუწყობს ახალგორიდან ქართული მოსახლეობის სრულ გამოდევნას”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

“მოუგვარებელი კონფლიქტისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ამის ფონზე, შეშფოთებას იწვევს დე ფაქტო და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა გახშირებული თავდასხმები სამოქალაქო აქტივისტებზე. მიმდინარე წლის ივნისში, ოკუპირებული ახალგორიდან გაიტაცეს სამოქალაქო აქტივისტი თ.მ. ასევე, აფხაზეთში აგორდა კამპანია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ, რომლების სხვადასხვა სამშვიდობო პროექტებში არიან ჩართული. მსგავსი პოლიტიკა ასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას, რაც უკვე უარყოფითად აისახება ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე ამ რეგიონებში.

სახალხო დამცველი მიესალმება 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდეგ ჩადენილი დანაშაულების სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიების დაწყებას და თვლის, რომ ეს პროცესი ხელს შეუწყობს სიმართლის დადგენას, მსხვერპლთა უფლებების აღდგენასა და კონფლიქტის მხარეებსა და დაზარალებულ მოსახლეობას შორის სამშვიდობო პროცესების დაჩქარებას. ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პროცესის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარის აქტიური თანამშრომლობა სასამართლოსთან”, – განაცხადა ნანუაშვილმა.

2008 წელს, რუსული ინტერვენციის შედეგად, დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, დაიჭრა 1 747 ადამიანი.

ომში დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო, ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია.

ოსმა სეპარატისტებმა წამებით მოკლეს ტყვედ ჩავარდნილი ქართველი სამხედრო გიორგი ანწუხელიძე, რომელსაც გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

საკუთარი საცხოვრებელი სახლი თითქმის 150 ათასმა ადამიანმა დატოვა.

დღემდე დევნილია 30 ათასამდე ადამიანი.

2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.

მოგვიანებით, 2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველომ მიიღო კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”, რომლითაც განსაზღვრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი და იქ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი დაადგინა.

რუსეთის ფედერაცია დღემდე აკონტროლებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში 10 აგვისტომდე 40-41 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო