საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან ერთად გლდანის მე-18 დაწესებულებაში შევიდა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან ერთად გლდანის მე-18 დაწესებულებაში შევიდა.

როგორც ლომჯარიამ დაწესებულებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მიზანი არის, სამედიცინო ექსპერტებმა შეაფასონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე გაეცნონ იქ არსებულ სამედიცინო ინფრასტრუქტურას.

„მოვედით ექსპერტებთან ერთად. ამ ვიზიტის მიზანი არის, რომ ჩვენმა სამედიცინო ექსპერტებმა შეაფასონ პატიმარ და პაციენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე გაეცნონ იქ არსებულ სამედიცინო ინფრასტრუქტურას, რათა წარმოგვიდგინონ მათი ექსპერტული მოსაზრებები, არსებობს თუ არა ის სამედიცინო აღჭურვილობა, თუ პირობები ადგილზე, რაც ამ ტიპის პაციენტისთვის იქნებოდა მკურნალობის ადეკვატური და ეფქეტური საშუალება. ასევე, მათ შორის არა მხოლოდ შიმშილობის გაგრძელების, არამედ შიმშილობის შეწყვეტის პერიოდში შესაძლებელია თუ არა, ადგილზე გაეწიოს პაციენტს ადეკვატური მკურნალობა ისე, რომ დაცული იყოს მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, როგორც ამას ითხოვს სტრასბურგის სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში. გაეცნობიან ყველაფერს, გასინჯავენ პატიმარს, გაესაუბრებიან, გაეცნობიან სამედიცინო ისტორიას, გაეცნობიან ადგილზე სამედიცინო ინფრასტრუქტურას და აღჭურვილობას, შემდეგ თავად იმსჯელებენ ყველაფერზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამასთან, ნინო ლომჯარიამ განმარტა, რატომ გახდა საჭირო, სახალხო დამცველს საკუთარი მანდატის ფარგლებში შეექმნა ექსპერტთა ჯგუფი.

„არაერთგზის გამოვუცხადე საჯარო ნდობა სახელმწიფოს მიერ შექმნილი კონსილიუმის შემადგენლობას, თუმცა იმის გამო, რომ შვიდი დღეა, გადმოყვანილია მიხეილ სააკაშვილი ციხის ჰოსპიტალში და ამ შვიდი დღის განმავლობაში სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო კონსილიუმის შესვლა და იქ მუშაობა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახალხო დამცველმა საკუთარი მანდატის ფარგლებში შექმნას ექსპერტთა ჯგუფი, რათა სახალხო დამცველის აპარატისთვის მათ მოამზადონ ექსპერტული, სამედიცინო დასკვნა. ისინი შევლენ ჩემი რწმუნებების საფუძველზე, არანაირი ბიუროკრატული ან სხვა ტიპის ბარიერის შექმნა მათთვის არ შეიძლება, ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად უნდა შევიდეს სახალხო დამცველის წარმომადგენელი“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან ერთად გლდანის ციხეში 20:00 საათზე შევა
შემდეგი სტატიასუსი: ამ წუთებში, უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის პროცესი მიმდინარეობს