საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 15%-ით გაიზარდა

2017 წლის 4 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 15%-ით არის გაზრდილი – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” ავრცელებს.

შპს “საქაერონავიგაციის” მონაცემებით, მიმდინარე წლის I კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15%-თ მოიმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ. მათივე ცნობით, 4 თვის განმავლობაში შპს “საქაერონავიგაცია” 41 914 საჰაერო ხომალდს მოემსახურა, რაც 15%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. გაიზარდა როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობაც.

2017 წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში შესრულებულია 9 618 ინსტრუმენტალური ფრენა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 2 544 ფრენით, ანუ 35%-ით მეტია.

2017 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში ასევე გაიზარდა ტრანზიტული რეისების რაოდენობაც და 31 426 ფრენა შეადგინა, რომელიც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 2 166 ფრენით, ანუ 7%-ით მეტია.

2017 წლის I კვარტალში საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 12 989 259 კმ-ს შეადგენს, რაც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 574 953 კმ-ით მეტია.

“ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება უცხოური ავიაკომპანიების დაინტერესება საქართველოს საჰაერო სივრცით. ამას განაპირობებს „საქაერონავიგაციის“ მიერ ოპტიმალურად დაგეგმილი მარშრუტები, უახლესი სანავიგაციო ტექნოლოგიებით და უახლესი შუქ-ტექნიკით აღჭურვილი აეროპორტები და ევროპული დონის სერვისი, რომელსაც ჩვენ ავიაკომპანიებს ვთავაზობთ.
ფრენების ზრდის ტენდენცია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე გვაყენებს და ამიტომ, 2017 წელს კომპანიის პრიორიტეტად კვლავაც რჩება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სისტემების დანერგვა, თანამშრომელთა კვალიფიკაციის დონის კიდევ უფრო ამაღლება და ამ ტენდენციის შენარჩუნება” – აცხადებს შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი.

შპს “საქაერონავიგაცია” საქართელოს საჰაერო სივრცეში ტრანზიტულ ხომალდებს 19 მარშრუტზე ემსახურება. ბოლო 4 წლის განმავლობაში დაემატა 6 ახალი საჰაერო მარშრუტი, რის შედეგადაც საქართველო სატრანზიტო კუთხით კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა ავიაკომპანიებისთვის.

banner
წინა სტატიაშიშემოთავაზებული საარჩევნო სისტემა ნამდვილად წააგავს მუსოლინის სისტემას
შემდეგი სტატიაგვენეტაძე არის ერთერთი ცნობილი სიმბოლო შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული სასამართლო სისტემისა