საქართველოს საგარეო უწყება: საფრანგეთი ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს მთლიანობას

“საფრანგეთი ერთმნიშვნელოვნად და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც გამოიხატება როგორც ამ ქვეყნის ოფიციალურ პოზიციაში, ასევე საერთაშორისის ფორმატის მის ყველა ქმედებაში, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარში, რომელიც მან “თაიმერს” ექსკლუზიურად მიაწოდა.
საქმე ეხება “თაიმერის” მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვესა და საფრანგეთის ეროვნული კრების დეპუტატის ნიკოლა დიუპონ-ენიანის პარიზში გამართულ შეხვედრას.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი აღნიშნავს: “ეს კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს ერთი ფრანგი პოლიტიკოსის მიერ განხორციელებულ ქმედებას, რაც არ გამოხატავს საფრანგეთის ოფიციალურ პოზიციას.
“თაიმერს” საქართველოს საგარეო უწყებიდან აცნობეს, რომ რეაგირება ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ მოხდა. “საქართველოს საელჩო პარიზში იმ დღესვე დაუკავშირდა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, საქართველო-საფრანგეთის მეგობართა ჯგუფს.
განვაგრძობთ საფრანგეთის მხარესთან ერთობლივ მუშაობას, რათა დროულად აღიკვეთოს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა უკანონო კონტაქტები.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების მიმართულებით, რაც ჩვენი პარტნიორების, მათ შორის საფრანგეთის, დიდი მხარდაჭერით ხორციელდება. ჩვენი მიზანია როგორც შესაძლო რისკების აღმოფხვრა, ასევე საოკუპაციო რეჟიმების უკანონო კონტაქტების დამყარების მცდელობაზე დაუყოვნებლივი რეაგირება”, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის “თაიმერისთვის” მიწოდებულ კომენტარში.

banner
წინა სტატიაშივულოცავ გამარჯვებას კახი კალაძეს, ვუსურვებ იყოს წარმატებული მერი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – პეტრო პოროშენკო იაფფასიანი „მაფიოზივით“ იქცევა, ის „ბოლო გაფრთხილებას“ მაძლევს