საქართველოს საგარეო უწყება – მოსკოვში, 3+3 ფორმატის შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ჩვენთვის მიუღებელია

10 დეკემბერს მოსკოვში, 3+3 ფორმატის შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ბუნებრივია ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციის დირექტორატის კომენტარშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ამაზე უწყებას შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით რეაგირება ჰქონდა.

„ქართულმა მხარემ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი მკაფიო პოზიცია 3+3 რეგიონულ ფორმატთან დაკავშირებით, რომ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობას. 10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ბუნებრივია მიუღებელია ჩვენთვის და რაზეც გვქონდა შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით რეაგირება“,- აღნიშნულია საგარეო უწყების კომუნიკაციის დირექტორატის კომენტარში.

ე.წ. 3+3-ის ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციები საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების ხელმძღვანელობით. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ე.წ. 3+3 ფორმატის შეხვედრაზე საქართველო წარმოდგენილი არ იქნებოდა. როგორც უწყებაში განაცხადეს, საქართველო აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი 15 დეკემბერს ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება