საქართველოს საგარეო უწყება – კიდევ ერთხელ მკაცრად ვგმობთ ყირიმის უკანონო ანექსიას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის დროებით ოკუპაციას და უკანონო ანექსიას, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ყირიმის ანექსიის ოთხ წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის აგრესია და საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობა საქართველოს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი.

„ოთხი წლის წინ რუსეთის შეიარაღებული ძალების ზეწოლით ყირიმში ჩატარდა ე.წ. რეფერენდუმი, რასაც მოჰყვა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქი სევასტოპოლის უკანონო ოკუპაცია და ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ. ამით სრულად იქნა უგულებელყოფილი უკრაინის კონსტიტუცია და კანონმდებლობა ისევე, როგორც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის დროებით ოკუპაციას და უკანონო ანექსიას, უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას და საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობას, რაც ჩვენს ქვეყანას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. ოკუპაციისა და ანექსიის ეს პრაქტიკა ძირს უთხრის დამკვიდრებულ საერთაშორისო წესრიგს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. დღეს, როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე, კონსოლიდირებული პოზიცია, რათა წინ აღვუდგეთ სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებით შევძლოთ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ადგილზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

banner
წინა სტატიაშიდევნილთა და განსახლების სამინისტრომ 40 დევნილ ოჯახს ვაზიანში ბინები გადასცა
შემდეგი სტატიათბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს