საქართველოს საგარეო უწყება – აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარება გაიზარდა

ამერიკის შეერთებული შტატების 2019 ფისკალური წლის ბიუჯეტი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოქვეყნდა აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი (FY19 Consolidated Appropriations Act), იგივე აშშ-ის 2019 ფისკალური წლის ბიუჯეტი, რომელში მნიშვნელოვან ჩანაწერები საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ კანონი ითვალისწინებს საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების მნიშვნელოვან ზრდას.

„ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. აგრეთვე ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

საქართველოს საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ აშშ-ის კონგრესს მესამე წელია შეაქვს აღნიშნული ჩანაწერი აშშ-ის საკანონმდებლო აქტში, რაც აშშ-ის მიერ საქართველოსადმი დიდ ყურადღებასა და მტკიცე მხარდაჭერაზე მიანიშნებს.

„გარდა ამისა, ხაზგასასმელია, რომ აქტი „რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი“-ის ფარგლებში, ითვალისწინებს არანაკლებ 275 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსთვის, სამართალდამცავი და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარებისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და ნატო-სთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. აქვე, აღნიშნულია, რომ დაფინანსების ნაწილი უნდა მოხმარდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებებისა და სავაჭრო შეთანხმებების შესრულებას, ასევე, საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის შემცირებას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

რაც შეეხება საქართველოსთვის გამოყოფილ დაფინანსებას, აშშ-ის ბიუჯეტის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამები (FY19 SFOPs) საქართველოსთვის გაზრდილ დახმარებას ითვალისწინებს და 127,025,000 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ეს თანხა 22 მლნ აშშ დოლარით აღემატება 2018 ფისკალური წლით გათვალისწინებულ დაფინანსებას.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაბათუმში სწრაფი ჩარიცხვის 14 აპარატის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს