საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ქ. ბრიუსელში იმყოფება, სადაც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს.მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს მართავს თავის კოლეგებთან. 2016 წლის 19 მაისს მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა სლოვაკეთის, ალბანეთის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. შეხვედრებზე განხილული იქნა აღნიშნულ ქვეყნებთან როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. საუბარი შეეხო ნატო-ს ვარშავის სამიტის მოსამზადებელ პერიოდს და ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის სათანადოდ ასახვის საკითხს. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს აქტიური მხარდაჭერისათვის. თავის მხრივ მიროსლავ ლაიჩაკმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს, როგორც ნატო-ში ინტეგრაციის, ასევე ევროკავშირთან თანამშრომლობის თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ საქართველო ზედმიწევნით ასრულებს მასზე ნაკისრ ვალდებულებებს, რაც შესაბამისად უნდა იქნას აღიარებული, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს მხრიდან. სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოსთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში პრაქტიკული დახმარების თვალსაზრისით ინტენსიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დიტმირ ბუშატთან შეხვედრის დროს ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და გამოითქვა სურვილი სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით. ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში გატარებული რიგი წარმატებული რეფორმების სამაგალითო მნიშვნელობა ალბანური მხარისათვის და გამოცდილების გაზიარების მიზნით ქართულ მხარესთან შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლაზარ კომანეკუსთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა რუმინეთისა და საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებს. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მხარეებმა ასევე მიმოიხილესორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის რეგიონის ფორმატში თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას საერთაშორისოსატრანზიტო მარშრუტებში შავი ზღვის პოტენციალის უკეთ გამოყენების მიზნით.ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში 20 მაისს მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებსავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (Resolute Support Mission-RSM) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. სადაც განხილული იქნება ავღანეთში არსებული ვითარება და ნატო-ს მისიის სამომავლო გეგმები

banner
წინა სტატიაში“სასამართლო და სახელმწიფო სტრუქტურები პოლიტიკური დევნის გაპრავებისთვის გაერთიანდნენ”
შემდეგი სტატია,,მერაბიშვილი ძალიან ნიჭიერი ადამიანია, ის გარემოებების მძევალი გახდა”