„საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამშრომლობების ხელშეწყობა, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია“

განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ვებსტერის უნივერსიტეტის რექტორს, უფროს ვიცე პრეზიდენტს ჯულიან შუსტერს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების ვებსტერის და საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტები თანამშრომლობის მემორანდუმს აფორმებენ, რომელიც შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. „ვებსტერის უნივერსიტეტი დაინტერესებულია საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით. საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამშრომლობების ხელშეწყობა და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია. მივესალმები იმ მემორანდუმს, რომელიც უნივერსიტეტებს შორის ფორმდება“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი ტრადიციული უნივერსიტეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც უკვე ასი წლის აკადემიური გამოცდილება აქვს. უნივერსიტეტს ასევე აქვს ფილიალები ევროპის რეგიონში – ჟენევასა და ვენაში.

მარიამ ჯაშის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, ისაუბრეს სამეცნიერო და აკადემიური მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობაზე. „საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი რანგის უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობა, როგორიც არის ვებსტერი. მივესალმებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებში მოქმედი აკადემიური ინსტიტუციების უფრო ფართო თანამშრომლობას საქართველოში“, – განაცხადა განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშისააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული გია თვალავაძე გირაოთი გათავისუფლდა
შემდეგი სტატიასოფელ ქვიტირში საპროტესტო აქცია გაიმართა