„საქართველოს რკინიგზა“ „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფის წევრების ცემის ფაქტზე კომენტარს აკეთებს

„საქართველოს რკინიგზა“ ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გახსნილობა და ამასთან დაკავშირებით არაფერი დასამალი ნამდვილად არ გაგვაჩნია, – ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლითაც „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტისა და იპერატორის მიმართ განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

„საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი და ოპერატორი კონტრაქტორის სამშენებლო ობიექტზე შესვლას ყოველგვარი ნებართვის გარეშე ცდილობდნენ. მისივე თქმით, სამშენებლო ობიექტზე არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ შესაბამისი რეაქცია განხორციელდა.

„ყოველგვარი ნებართვის გარეშე „რუსთავი 2“ -ის გადამღები ჯგუფი ჩვენი კონტრაქტორის სამშენებლო ობიექტზე შესვლას ცდილობდა. ბუნებრივია, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და არსებობს გარკვეული საფრთხეები, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი რეაქცია იყო გამოხატული, თუმცა გვსურს, განვმარტოთ შემდეგი, ბუნებრივია, „საქართველოს რკინიგზა“ ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას და ჩვენთვის მნიშვნელოვანია გახსნილობა და ამასთან დაკავშირებით არაფერი დასამალი ნამდვილად არ გაგვაჩნია. რაც შეეხება იმ ინტერესს, რომელიც ამ პროექტის გარშემო არსებობს, ჩვენ მზად ვრათ, ყველა დაინტერესებულ პირს, პირადად თქვენ გთავაზობთ, რომ მოვაწყოთ მედიატური. ჩავიდეთ, დავათვალიეროთ ყველაფერი ის, რაც იქ ხდება და მოგიყვეთ იმის შესახებ, თუ რამხელა მნიშვნელობის პროექტი შენდება. მარტივად რომ გითხრათ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ამ მასშტაბის სამუშაოები საქართველოს რკინიგზაზე ნამდვილად არ განხორციელებულა“, – აღნიშნა რკინიგზის წარმომადგენნელმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ რეპორტაჟს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა. ვიდეომასალის გადაღების დროს კი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა „კურიერის“ ჟურნალისტს კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე საათის განმავლობაში ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა კომპანიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ჩაკეტილი. ჟურნალისტი ეკა გაგუა და ოპერატორი ლევან კალანდია მომხდართან დაკავშირებით ხაშურის პოლიციაში დაკითხვაზეც გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიჭუბერსა და ხაიში ახალი სახერხი ქარხნების მშენებლობა იგეგმება, რომლის 100% წილის მფლობელები ადგილობრივები იქნებიან
შემდეგი სტატიაკულტურული მემკვიდრეობის სააგენტო სიღნაღის გალავანზე-დღესვე განისაზღვრება ძეგლის შესაძლო დაზიანების ხარისხი