12.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

საქართველოს რეიტინგი 4 ქულით შემცირდა: freedom house-ს ანგარიში ქვეყანაში მიმდინარე პროტესტებსა და რეპრესიებზე

freedom house-ს ანგარიშის თანხმად, საქართველოს რეიტინგი 4 ქულით შემცირდა.

„საქართველოში 2024 წელს დაწყებული ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო პროტესტი 2025 წლის განმავლობაშიც გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტები პოლიციის მხრიდან არაპროპორციულ ძალასა და არასათანადო მოპყრობას აწყდებოდნენ. მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ოპონენტები განიცდიდნენ ფიზიკურ თავდასხმებს, შევიწროებას და ახალ საკანონმდებლო შეზღუდვებს, რომლებიც მიზნად ისახავდა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოცილებას საზოგადოებრივი საქმიანობიდან. ქვეყნის რეიტინგი 4 ქულით შემცირდა”,_ წერია ანგარიშში.

გარდა ამისა, Freedom House საუბრობს საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

„ხმების მოსყიდვა და დაშინება არა მხოლოდ გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე, არამედ შესაძლოა გახდეს პირველი ნაბიჯი უფრო ფართო საარჩევნო მანიპულაციებისკენ.

მაგალითად, საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, მართალია მშვიდობიანად ჩატარდა, თუმცა მას ჩრდილი მიაყენა სარწმუნო ცნობებმა უკანონო კამპანიის შემოწირულობების, ხმების მოსყიდვისა და გავლენიანი პოლიტიკური ელიტების მხრიდან დაშინების შესახებ.

2018 წლის ნოემბერში, არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე საქველმოქმედო ფონდი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი (საქართველოს უმდიდრესი ადამიანი და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი) აკონტროლებს, 600,000-ზე მეტ ქართველ ამომრჩეველს ვალების ჩამოწერას დაჰპირდა. მას შემდეგ ქვეყნის არჩევნებს კიდევ უფრო მასშტაბური პრობლემები დაემატა, მათ შორის სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება, ფიზიკური დაშინება საარჩევნო უბნებზე, ძალადობა, პოლიტიკური პარტიების ბოიკოტი და კენჭისყრის ფარულობის დარღვევის მუქარა“.

Freedom House ასევე ხაზს უსვამს აკადემიური თავისუფლების, პოლიტიკური ოპოზიციისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე, რამაც „ხელი შეუწყო თავისუფლების საერთო ვარდნას“.

ანგარიშის თანახმად, 2025 წელს გლობალური თავისუფლების დონე ზედიზედ მეოცე წელია შემცირდა. წლის განმავლობაში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების გაუარესება სულ 54 ქვეყანაში დაფიქსირდა, გაუმჯობესება კი მხოლოდ 35-მა ქვეყანამ აჩვენა. რეიტინგში ყველაზე დიდი ერთწლიანი ვარდნა გვინეა-ბისაუს, ტანზანიას, ბურკინა-ფასოს, მადაგასკარსა და ელ-სალვადორს ჰქონდათ, ხოლო ყველაზე დიდი წინსვლა სირიამ, შრი-ლანკამ, ბოლივიამ და გაბონმა დააფიქსირეს. კონკურენტული არჩევნების, სასამართლო სისტემის მზარდი დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების წყალობით, სამმა ქვეყანამ — ბოლივიამ, ფიჯიმ და მალავიმ — სტატუსი გაიუმჯობესა და „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების სიიდან „თავისუფალთა“ რიგებში გადაინაცვლა.

banner
წინა სტატიაშითამარ ბელქანია: პაატა ბურჭულაძესაც მივიყვანდი დასამშვიდობებლად, ბოლომდე დარჩეს ხალხის გამაერთიანებელი პატრიარქი
შემდეგი სტატიაირანმა ისრაელის საპორტო ქალაქში, ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა