საქართველოს პროკურატურაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთობლივად ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული, ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.

აალებადი ნივთიერების დასხმის პროცესში, ალექსანდრე ელისაშვილს სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მიუსწრეს. ერთ-ერთი მანდატურის დანახვისთანავე, ალექსანდრე ელისაშვილი თავს დაესხა მას და დაუწყო ცემა. დაკავების პროცესში, მანდატურის სამსახურის სამი თანამშრომელი ცდილობდა ალექსანდრე ელისაშვილის განეიტრალებას, მისთვის აალებად ნივთიერებაზე ცეცხლის წაკიდების საშუალების მოსპობას და განიარაღებას. თავდამსხმელი, თავის მხრივ, ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას. ალექსანდრე ელისაშვილმა დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია, რომლის დაძლევის შემდეგ შესაძლებელი გახდა მისი საბოლოო განეიტრალება და დაკავება.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
















