22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების საქმეზე უცხო ქვეყნის ოთხ მოქალაქესა და ხუთ იურიდიულ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების საქმეზე უცხო ქვეყნის ოთხ მოქალაქესა და ხუთ იურიდიულ პირს ბრალი წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვადასხვა ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულებით მიღებული უკანონო შემოსავლების გასათეთრებლად აქტივები საქართველოში გადმოიტანეს. პროკურატურის ცნობით, მათ რეალური სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე საქართველოში დააფუძნეს კომპანიები და ყალბი დოკუმენტაციისა და ფიქტიური დანიშნულებების გამოყენებით, უცხოეთიდან პირად და იურიდიულ პირების საბანკო ანგარიშებზე ეტაპობრივად გადმორიცხეს უკანონო წარმომავლობის 21.5 მილიონი ლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტაში.

გამოძიების მასალების მიხედვით, აღნიშნული თანხების ნაწილი ფიქტიური დანიშნულებებით საზღვარგარეთ არსებულ საბანკო ანგარიშებზე გადაირიცხა, ხოლო ძირითადი ნაწილი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაყადაღებულია.

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე დაყადაღებულია დაახლოებით 14 მილიონი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა და 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება, რომლის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები განხორციელდება.

ბრალდებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედებათ ბრალად, რაც ფიზიკური პირებისთვის 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირებისთვის – ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევასა და ჯარიმას.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში მათ მიმართ საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.

banner
წინა სტატიაშიჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სახეობის, მათ შორის, “წითელი ნუსხით” დაცული წაბლის ხეების უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
შემდეგი სტატიადაკავებული აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატი – ბანერზე წარწერების გამო ადამიანების დაკავება არის კონვენციის დარღვევა