“საქართველოს პრობლემების მოგვარება NATO-ს წევრობაში კი არა, უბლოკო სტატუსის გამოცხადებაშია”

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

“დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად ხელისუფლების და ცალკეული პოლიტიკური პარტიების მოლოდინებისა, ვარშავის სამიტზე არ იქნება არც MAP-ი და არც რაიმე გარღვევა.

ბურჯანაძის თქმით, სრულიად ნათელია, რომ ვარშავის სამიტზე დადგება ზუსტად ის შედეგი, რომელიც არაერთგზის განუცხადებია.

“მიუხედავად იმ მოლოდინებისა, რომელიც ჰქონდა ხელისუფლებას და ცალკეულ პოლიტიკურ ძალებს, ერთმნიშვნელოვნად ვამბობდი, რომ ვარშავის სამიტზე არ იქნება არც MAP-ი, არც რაიმე გარღვევა საქართველოსთან მიმართებაში.

დღეს უკვე გადაწყვეტით შეიძლება, ითქვას, რომ ჩემი პროგნოზი იყო აბსოლუტურად სწორი და ერთმნიშნელოვნად რეალისტური”,- აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

მისი თქმით, ის განცხადებები რომლებიც კეთდება, რომ NATO ღია კარის დემონსტრირებას გააკეთებს, ის რომ მეტი NATO იქნება საქართველოში, უკვე მწარე ღიმილის მომგვრელია.

“განცხადებები, რომ საქართველო კიდევ უფრო იქნება დაცული, მახსენებს 2008 წლის აგვისტოს, როდესაც ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ კრიზისულ ვითარებაში საქართველო არ იყო დაცული. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საქართველო არ მოხვდეს, აღმოჩნდეს კრიზისულ ვითარებაში იმიტომ, რომ საქართველოს დაცულობა NATO-ს მხრიდან ამ შემთხვევაში იქნება მხოლოდ და მხოლოდ დეკლარაცია და სხვა არაფერი”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერს ძალიან საშიშად მიაჩნია ხელისუფლების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო იმაზე მეტად აქტიურად უნდა იყოს პროცესში ჩართული, ვიდრე NATO-ს სახელმწიფოები, მათ შორის, როცა ლაპარაკია შავი ზღვის რეგიონის გამოყენებაზე.

“შენ ჩართული უნდა იყო პროცესში მაშინ, როდესაც გაქვს დაცვის ისეთივე გარანტიები, როგორც NATO-ს სახელმწიფოებს, მაგრამ როდესაც ასეთი გარანტიები არ გაქვს, უნდა იყო ჩართული იმ დოზით, რა დოზის გარანტიებიც გაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას ვაყენებთ სერიოზული დარტყმის წინაშე! ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის განცხადება, რომელიც გააკეთა სტოლტენბერგმა. მან განაცხადა, რომ რუსეთი არის ევროპული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი – ეს არ არის შემთხვევით ნათქვამი სიტყვები და ასევე მნიშვნელოვანი გზავნილია და მე მგონი, ჩვენთვის ჭკუის სასწავლებელი. როგორც ხედავთ, NATO – რუსეთის ურთიერთობები ძალიან სერიოზულად განახლდა და ვფიქრობ რომ დროა, თავის მოტყუებას თავი დავანებოთ. არავის მოვუწოდებ იმისკენ, რომ ჩვენ NATO-სთან საერთოდ არ ვითანამშრომლოთ და ურთიერთობები გავწვიტოთ. ბუნებრივია, უნდა გვქონდეს ურთიერთობა, ვითანამშრომლოთ, მაგრამ დავანებოთ თავი საკუთარი თავის მოტყუებას და მოსახლეობის მოტყუებას, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი”, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, საქართველო ვერ გახდება NATO-ს წევრი და არც უნდა გახდეს იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არის ორი რუსული ჯარი და ამ ჯარებით და აფხაზეთით და სამაჩაბლოთი არავინ მიგვიღებს NATO-ში, რაც ერთხელ და სამუდამოდ ნათლად უნდა ითქვას.

“კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ საქართველოს პრობლემების მოგვარების გასაღები არის არა NATO-ს წევრობა, არამედ უბლოკო სტატუსის გამოცხადება. არც NATO-ს ჯარი და არც სხვა ორგანიზაციის, ან სხვა სახელმწიფოს ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე! აი საით უნდა წავიდეთ და მე იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა ამას მხარს დაუჭერს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიგია ჟორჟოლიანი: არ მიმდინარეობს სიის ფორმირება
შემდეგი სტატიაჟან-კლოდ იუნკერი: ძლიერი ევროკავშირი ნიშნავს ძლიერ ნატო-ს და ძლიერი ნატო ნიშნავს ძლიერ ევროკავშირს