საქართველოს პრეზიდენტსაც ექნება შესაძლებლობა, როგორც თანამომხსენებელმა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში მიიღოს მონაწილეობა – პაპუაშვილი

ოთხშაბათი და ხუთშაბათი, ეს ის ორი დღეა, როცა გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი. ვნახოთ, ჩვენ სხვა საკითხებს როგორ გავივლით და ამის მიხედვით დავნიშნავთ საკითხის განხილვას. ამაზე კიდევ დაწვრილებით მექნება საუბარი, როდესაც დადგენილების პროექტს გამოვიტან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა იმპიჩმენტის საკითხის განხილვის პროცედურაზე.

„დღეს გამოვიტან დადგენილების პროექტს, რომელიც რეგლამენტიდან გამომდინარე, არის განხილვის და კენჭისყრის გრაფიკი. ჩვენ გვაქვს ორი კვირა, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ. ვინაიდან გვაქვს პლენარული სესიის კვირა, ამიტომ მიმდინარე კვირაში შეგვიძლია, განვიხილოთ საკითხი და კენჭი ვუყაროთ.

რაც შეეხება განხილვის ფორმას, ის საკითხის პირველი მოსმენით განხილვის მსგავსია. კერძოდ, მომხსენებელი, ამ შემთხვევაში წარდგინების ავტორებიდან მომხსენებელი გამოვა და წარმოადგენს თავის პოზიციას. შემდეგ, რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ პარლამენტს შეუძლია მოიწვევს შესაბამისი თანამდებობის პირი, ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი, განხილვაში მონაწილეობის მისაღებად.

მე გუშინ მქონდა მიმართვა და ველოდებით საბოლოო პასუხს. როგორც ჩანს, ქალბატონ პრეზიდენტს სურს მონაწილეობის მიღება და თუ ეს ასეა, რა თქმა უნდა, მოვიწვევთ განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, როგორც თანამომხსენებელს. როგორც მომხსენებელთან, ისე თანამომხსენებელთან არის კითხვების და დაზუსტებების შესაძლებლობა. პირველ მოსმენაში გათვალისწინებულია კომიტეტების გამოსვლა, მაგრამ, ვინაიდან რაიმე დარგობრივი მოსაზრებები აქ არ არის რელევანტური, კომიტეტების გამოსვლები არ იქნება და გადავალთ უკვე უფრაქციო წევრების, პოლიტიკური ჯგუფების და ფრაქციების გამოსვლებზე. ამის ბოლოს დასკვნითი სიტყვის შესაძლებლობა ექნება მომხსენებელს, თუმცა არა თანამომხსენებელს.

ეს იქნება პროცედურა საბოლოო ჯამში, რომლის განხილვის შემდეგ გვექნება უკვე კენჭისყრა. იცით, რომ იმპიჩმენტისთვის 100 ხმა არის საჭირო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილთან შეხვედრის დროს განვიხილეთ, როგორ უჭერს შეერთებული შტატები მხარს ყველა იმ სამუშაოს, რომელსაც საქართველო ასრულებს ევროკავშირთან და ნატო-სთან ინტეგრაციისთვის – დანიგანი
შემდეგი სტატიაყველა პროცესი, რომელიც ჩვენი რეგიონის ირგვლივ მიმდინარეობს, აჩვენებს, რომ მსოფლიოში არის ახალი ესკალაციის სერიოზული საფრთხე და ამ მოცემულობაში ჩვენ, როგორც ოკუპირებულმა ქვეყანამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოსახლეობას მშვიდობა შევუნარჩუნოთ – სამხარაძე